თურქია რენო ვალერიანის ძე

თურქია რენო ვალერიანის ძე (11. VIII. 1926, სოხუმი, – 14.I.1979, თბილისი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1976). 1956 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია, სადაც 1959-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1957-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ნამუშევრები: „შოთა რუსთაველი და ჩახრუხაძე ბექა ოპიზარის სახელოსნოში" (1956, თბილ. სამხატვრო აკადემიის მუზეუმი), „შემოდგომა" (1957, მოსკ. სამხატვრო ფონდი), „სამშობლოდან მოშორებით" (1977, ჭადრაკის სასახლე, თბილისი). მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში: ნატიურმორტები – „ქართული ჭურჭელი", „შებოლილი თევზები", „ცოცხალი" (ყველა 1976), „მთვრალი ყანწები" (1977) და სხვ.; პეიზაჟები – „შავი არაგვის ხეობა" (1976), „თივის ზვინი" (1977) და სხვ.; პორტრეტები – გ. მესხი (1966), გ. ტაბიძე (1967), მ. ლებანიძე (1972), ლ. ასათიანი (1976), ვაჟა-ფშაველა (1976), ვ. მაიაკოვსკი (1976, კერძო კუთვნილება), ნ. ფიროსმანაშვილი (1977) ი. ცურტაველი (1978) და სხვ.; თ-ს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თბილ. თემას: „ძველი თბილისის კუთხე", „წვიმის შემდეგ", „გოგირდის აბანო" (ყველა 1976, კერძო კუთვნილება), პეიზაჟების სერია „თბილისის შემოგარენი" (1978) და სხვ.

ლიტ.: Рено Туркиа. Живопись – Портрет. Пейзаж. Натюрморт, М., 1984 (ალბომი).