თურმანიძე ლამარა ჩიტოს ასული

თურმანიძე ლამარა ჩიტოს ასული (3. I. 1921, სოფ. საღვინე, შორაპნის მაზრა, – 1986), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1968). დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინ-ტი. 1938–47 მოღვაწეობდა ჩოხატაურის თეატრში, 1950-იდან – მახარაძის (ახლანდ. ოზურგეთის) ა. წუწუნავას სახ. სახელმწ. თეატრში. იყო ფართო დიაპაზონის მსახიობი, გამოირჩეოდა არტისტული ტემპერამენტით, სცენური მომხიბვლელობით. ასახიერებდა ძლიერი, დრამ. ხასიათის მქონე გმირებს. მისი რეპერტუარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ბებია (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი"), ირინე (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება"), საბედო (გ. მრევლიშვილის „ზვავი"), ელიზავეტა (ვ. დარასელის „კიკვიძე"), სოფიო (ბ. ლავრენიევის „რღვევა"), ქეთევანი (ვ. კანდელაკის „სარეველა") მარიამ ტიუდორი (ჰიუგოს „მარიამ ტიუდორი“), იულია (ვოინიჩის „კრაზანა“) და სხვ.