თუმანიშვილი გიორგი ეგნატეს ძე (1774–1837), პოეტი და მწიგნობარი. 1790-იდან იყო ერეკლე II-ის, შემდეგ გიორგი XII-ის მდივან-მწიგნობარი. მოგვიანებით გადავიდა რუს. სახელმწ. სამსახურში. 1820 მიიღო სტატსკი სოვეტნიკის ჩინი. დიდი წვლილი შეიტანა ქართ. ლიტ. ძეგლთა შეკრებასა და გამრავლებაში. მისი დავალებით გადაიწერა მრავალი ქართ. ხელნაწერი. თვითონაც კალიგრაფი იყო. თ. ბესიკისა და საიათნოვას პოეტური სკოლის მიმდევარია. იგი არის აგრეთვე „ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი ინტერპოლატორი.
თხზ. იხ.: მიქაძე გ., გიორგი თუმანიშვილი კრ.: ძველი ქართული მწერლობის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1962; რუხაძე ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954.
ლიტ.: ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 3, თბ., 1952.
გ. მიქაძე