თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე [27. I (8. II). 1854, თბილისი, – 26. I. 1920, იქვე], საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. მ. ბ. თუმანიშვილის შვილი. 1871 დაამთავრა თბილ. გიმნაზია, 1875 – ოდესის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი სამართლის კანდიდატის წოდებით. ერთხანს მსახურობდა ფოთის სასამართლო უწყებაში, შემდეგ – მეფისნაცვლის კანცელარიაში საგლეხო განყ-ბის უფროსად. 1891 გადადგა სამსახურიდან. იმავე წელს ნ. ნიკოლაძისაგან შეიძინა გაზ. „ნოვოე ობოზრენიე", რ-საც ვ. თუმანიშვილთან და კ. თუმანიშვილთან ერთად გამოსცემდა 1903-მდე. თ-ის სტატიები და წერილები იბეჭდებოდა იმდროინდელ პრესაში; თანამშრომლობდა „დროებასა" და „ივერიასთან". 1878–79 გამოუშვა ქართ. „ალმანახი", შექმნა ქართ. საგამომცემლო ამხანაგობა, რ-მაც პირველმა გამოსცა წიგნად ნ. ბარათაშვილისა და სხვა ქართვ. პოეტების თხზულებანი. თ-ს სხვადასხვა საკითხზე გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი და „დახასიათებანი და მოგონებანი" იმდროინდელ ლიტ. და პოლიტ. მოღვაწეებზე. მონაწილეობდა კავკასიაში საერობო დაწესებულებათა დაარსებაში, იყო კავკასიისმცოდნეობის კურსების ორგანიზატორი. თ. აქტიურად მონაწილეობდა ქართ. თეატრის საქმიანობაში. იყო ქართ. დრამ. ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
თხზ.: Характеристики и воспоминания, I–III, Тфл., 1900–07.
ლიტ.: გ ა მ ე ზ ა რ დ ა შ ვ ი ლ ი ზ., გიორგი თუმანიშვილი (ლიტერატურის კრიტიკოსი), თბ., 1992; კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე ა., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, IV, თბ., 1986; საარქივო მასალები XIX საუკუნის 70-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების შესახებ (თუმანიშვილების წერილები), ე. აბრამიშვილის გამოც., თბ., 1965; ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი ს., ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები, თბ., 1969.