თუმანიშვილი გრიგოლ (გივი) დიმიტრის ძე (10. VIII. 1925, თბილისი, – 17. VII. 2007, იქვე), ბიოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1983), საქართვ. სამედ.-ბიოლ. და ეკოლ. აკადემიების ნამდვ. წევრი (1994). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი (1949). საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის (1965–66), შემდეგ კი (1966-იდან) ექსპერ. მორფოლ. ინ-ტის ბიოფიზიკის განყ-ბის (1973 განვითარების ბიოლ. განყ-ბად იქნა რეორგანიზებული) ხელმძღვანელი. 1969-იდან იყო თბილ. სახელმწ. უნ-ტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის პროფესორი, 1982-იდან – ამავე კათედრის გამგე.
თ-მა საქართველოში პირველმა წამოიწყო გამოკვლევები განვითარების ბიოლოგიაში. თ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: უჯრედის გამრავლებისა და დიფერენცირების მარეგულირებელი მექანიზმები, გენების აქტივობის რეგულირება, უჯრედის ულტრასტრუქტურა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. შეისწავლა ზრდის შემაჩერებელი ფაქტორების ბირთვული ლოკალიზაცია და ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორების ციტოპლაზმური ლოკალიზაცია, ცხოველთა ორგანოების რეგენერაციის კანონზომიერებათა მექანიზმები. აღმოაჩინა გულის კეილონები. შექმნა უჯრედის დიფერენცირების ორიგინ. თეორია.
თ. წლების განმავლობაში იყო „ცხოველთა ინდივიდური განვითარებისა და ონტოგენეზის მართვის პროცესების" საკავშირო საკოორდინაციო საბჭოს წევრი (1972იდან), 2002-იდან – ამავე საბჭოს თავჯდომარე. იყო „საქართველოს მწვანეთა" მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ლიდერი, „მწვანეთა" ეკოლ. ასოციაციის პრეზიდენტი (1988), 1992–2000 – მეცნ. და ტექნოლ. დეპარტამენტის ზოგადი ბიოლ. საექსპერტო საბჭოსა და საქართვ. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის ექსპერტკონსულტანტი.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 4 სამეცნ. მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო და 1 მეთოდური მითითება.
1997 თ. აირჩიეს რეგენერაციის შემსწავლელთა საერთაშ. ასოციაციის პრეზიდენტად. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997) და ივ. ჯავახიშვილის მედლით (1986). იყო პარლამენტის წევრი (1992–95).
თხზ.: უჯრედების დიფერენცირება, თბ., 1979; ცოცხალი სისტემების ონტოგენეზური თეორია, თბ., 1991.