თუმანიშვილი ვასილ მიხეილის ძე (27. IX. 1857, თბილისი, – 27. I. 1912, იქვე), ჟურნალისტი, პუბლიცისტი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე. მ. ბ. თუმანიშვილის შვილი. თბილ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკ. უმაღლეს ტექ. სასწავლებელში, საიდანაც გადავიდა პეტროვო-რაზუმოვსკის სატყეო-სამეურნეო აკადემიაში, რ-იც ავადმყოფობის გამო ვერ დაასრულა. აქტიურად თანამშრომლობდა კავკ. რუსულენოვან პრესასთან, აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის პუბლიც. წერილებს.
1891–1904 თავის ძმებთან გ. და კ. თუმანიშვილებთან ერთად სათავეში ედგა გაზ. „ნოვოე ობოზრენიეს". თ-მა დიდი ამაგი დასდო საქართველოში თეატრ. ხელოვნების განვითარებას. იგი გიმნაზიაში სწავლის დროიდანვე მონაწილეობდა წარმოდგენებში, დაუმეგობრდა შემდგომში სახელმოხვეჭილ თეატრ. მოღვაწეებს: ა. სუმბათაშვილ-იუჟინსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს. რუსეთში ყოფნისას თ. ერთ-ერთი ინიციატორი იყო საქველმოქმედო მიზანდასახულობის ე. წ. „კავკასიური საღამოებისა". იყო, აგრეთვე, „ქართული დრამატული საზოგადოების" დამფუძნებელთაგანი და მმართველობის წევრი. 1886–88, როგორც რეჟისორი, ხელმძღვანელობდა თბილ. ქართ. თეატრს, თამაშობდა სცენაზე. 1905 აირჩიეს თბილ. დრამ. საზ-ბების მამასახლისთა საბჭოს თავმჯდომარედ.
ლიტ.: ვასილ თუმანიშვილი, «თემი», 1912, №57; საარქივო მასალები XIX საუკუნის 70-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების შესახებ (თუმანიშვილების წერილები), ე. აბრამიშვილის გამოც., თბ., 1965.
თ. ჯოლოგუა