თუმანიშვილი (თ უ მ ა ნ ო ვ ა) თამარ ვლადიმერის ასული

თუმანიშვილი (თ უ მ ა ნ ო ვ ა) თამარ ვლადიმერის ასული (1919, შანხაი, – 29. V. 1996, ლოს-ანჯელესი), ქართული წარმომავლობის ამერიკელი ბალერინა და მსახიობი. ცხოვრობდა შანხაიში. იქ 5 წლისამ პირველად იხილა ლეგენდარული ანა პავლოვას ხელოვნება („მომაკვდავი გედი") და თვითონაც ბალერინობა გადაწყვიტა. ცეკვას თავდაპირველად სწავლობდა შანხაიში, 1926-იდან კი – პარიზში, ო. პრეობრაჟენსკაიას რუს. საბალეტო სკოლაში. თ-ის დებიუტი შედგა 1929 (მაშინ იგი 12 წლისა იყო) პარიზის „გრანდ ოპერის" სცენაზე, ბალეტ „ჟანის მარაოში". 1932 იგი მიიწვია იმხანად პარიზში მოღვაწე ჯ. ბალანჩინმა. ამ დროიდან თ., უკვე როგორც წამყვანი სოლისტი, მონაწილეობდა ევრ. და ამერ. ცნობილ საბალეტო დასებში: „ბალე რიუს დე მონტე კარლო" (1932–38), „ბალე 1933" (1933), „ორიჟინალ ბალე რიუს" (1940), „ბალე ტიეტრ"(1944–45), „გრან ბალე დიუ მარკიზ დე კიუევა" (1943), „ფესტივალ ბალე" (1952–54), „გრანდ ოპერა" (1947– 59), „ლა სკალა" (1951–52, 1958). თ-ის წარმატებას განაპირობებდა მისი ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობა და უბადლო გარეგნობა. შესრულებული პარტიებიდან (100-მდე) განსაკუთრებით აღსანიშნავია: ჟიზელი (ა. ადანის „ჟიზელი"), ესმერალდა (ჩ. პუნის „ესმერალდა"), ოდეტა-ოდილია, ავრორა (პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბა", „მძინარე მზეთუნახავი"), კოპელია (ლ. დელიბის „კოპელია"), სალომე (ა. გლაზუნოვის „სალომე"), გაიანე (ა. ხაჩატურიანის „გაიანე") და სხვ.; აგრეთვე წამყვანი პარტიები ჯ. ბალანჩინის დადგმებში: ჟ. ბიზეს „ბროლის კოშკი", ჟ. ორიკის „მოცარტიანა", „კონკურენცია", ი. სტრავინსკის „ანგელოზის კოცნა", ჟ. შარის „შვიდი სასიკვდილო ცოდვა" და სხვ. გადაღებულია კინოფილმებში: „XX საუკუნის ტალიონი" (ანა პავლოვას ცხოვრება, ასრულებდა პავლოვას როლს), ა. ჰიჩკოკის „დაშვებული ფარდები", ჟ. ტურმერის „დიდების დღეები“ (პარტნიორობას უწევდა გ. პეკს მის სადებიუტო როლში) და სხვ. დადგა ა. ხაჩატურიანის ბალეტი „გაიანე". ეწეოდა პედ. მოღვაწეობასაც. თ. გამოჩენილი ფრანგი მოცეკვავის ს. ლაფარის უცვლელი პარტნიორი იყო. მსოფლიო აღიარება მოიპოვა მათმა ცეკვამ ჟ. ორიკის ბალეტში „ფედრა".

ლიტ.: ც ა მ ც ი შ ვ ი ლ ი  ა., უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანნი, თბ., 1962; 100 ქართველი უცხოეთში, თბ., 2011.