თუმანიშვილი იასონ კონსტანტინეს ძე

 თუმანიშვილი იასონ კონსტანტინეს ძე [2.X. 1883, თბილისი,– 20. X. 1955, ასუნსიონი (პარაგვაი)], რუსეთის არმიის საზღვაო ოფიცერი. I რანგის კაპიტანი (პოლკოვნიკი, 1920). გენ.-ლ. კ. თუმანიშვილის შვილი. 1904 დაამთავრა კადეტთა საზღვაო კორპუსი, 1913 – სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზის საზღვაო აკადემია. 1904–17 მსახურობდა რუსეთის სამხ. ფლოტში. I მსოფლიო ომის (1914–18) დასაწყისში თ. უფრ. ლეიტენანტის (1914) ჩინით მიავლინეს შავი ზღვის ფლოტში, სადაც ასრულებდა შავი ზღვის ფლოტის შტაბის ოპერატიული ნაწილის უფრ. ფლაგ-ოფიცრის მოვალეობას. 1917 აგვისტოში დროებითმა მთავრობამ დანიშნა დამხმარე კრეისერ „იმპერატორ ტრაიანეს" მეთაურად. 1919 ივნისიდან მსახურობდა შავი ზღვის პორტების სამხ. კონტრდაზვერვის განყ-ბის უფროსად. 1920 დაინიშნა ხომალდ „რუსეთის" კომენდანტად, რ-ითაც ამავე წლის ნოემბერში ევაკუირებულ იქნა ყირიმიდან კონსტანტინოპოლში. მოგვიანებით 1925 გადავიდა პარაგვაიში, სადაც იგი მიიწვიეს სამდინარო ფლოტის ჩამოსაყალიბებლად. 1932 მონაწილეობდა პარაგვაის ომში ბოლივიელთა წინააღმდეგ, სადაც მის მიერ შექმნილმა სამდინარო ფლოტმა პარაგვაის გამარჯვება მოუტანა. საბრძოლო დამსახურებისათვის 1932 მიენიჭა პარაგვაის ფლოტის II რანგის კაპიტნის (კაპიტან დე ფრეგატა), შემდეგ კი I რანგის კაპიტნის (კაპიტან დე ფრეგატა პრინციპე) წოდება. პარაგვაის ფლოტში ეკავა სამხ. პრეფექტურის (ფლოტის მმართველობის ორგანო) მრჩევლის თანამდებობა. მოგვიანებით თ. პარაგვაის პრეზიდენტმა ოქროს მედლით დააჯილდოვა.

მიღებული აქვს წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენები.

ლიტ.: გ ო გ ი ტ ი ძ ე  მ., თბილისელი თავადი დამსახურებული პარაგვაელი, ჟურნ. «ისტორიანი», 2014, მარტი, №3(39).