თუმანიშვილი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე (19. V. 1862, თბილისი, – 4. II. 1933, კანი, საფრანგეთი), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917). კავალერიის გენ. გ. ა. თუმანიშვილის ძმა. 1883 დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი (სანქტ-პეტერბურგი). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904– 05) და I მსოფლიო (1914–1918) ომებში. 1908-იდან მეთაურობდა ლიტვის ულანთა მე-5 პოლკს, 1912-იდან – კავკასიის მე-9 საკავალერიო დივიზიის I ბრიგადას, იმავე წელს მიენიჭა გენ.-მ-ის წოდება, 1916-იდან ხელმძღვანელობდა ამურისპირეთის I ცხენოსანთა ბრიგადას; 1917 მარტში გადაიყვანეს სამხრ.-დას. ფრონტის არმიების მთავარსარდლის გენ. ა. ბრუსილოვის განკარგულებაში, ამავე წლის აპრილიდან დანიშნეს მე-9 საკავალერიო დივიზიის მეთაურად. 1918 ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. მონაწილეობდა სამხ. მოსამსახურეთა რუს. საზ-ბის საქმიანობაში, 1930–31 თავმჯდომარეობდა ამ საზ-ბის კავკასიის არმიის ოფიცერთა კავშირს.
დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წმ. ანას I, წმ. სტანისლავის I, წმ. გიორგის და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
მ.გოგიტიძე