თუმანიშვილი მიხეილ ბირთველის ძე

თუმანიშვილი მიხეილ ბირთველის ძე [19(31). V. 1818, სოფ. ხელთუბანი, გორის რ-ნი, – 2(14). II. 1875, თბილისი], პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრ. კრიტიკოსი, ეთნოგრაფი. „თბილისის კერძო ბიბლიოთეკის" (1842– 48) დამფუძნებელი წევრი და ერთ-ერთი დირექტორი. სწავლობდა თბილ. I გიმნაზიაში (1831–36). 1837-იდან სხვადასხვა სამოხელეო თანამდებობაზე იყო. თ-ს XIX ს. ქართ. ლიტ-რისა და ჟურნალისტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისი ლირ. ლექსები ესადაგება იმ დროის პროგრ. იდეებსა და განწყობილებებს. ჯერ კიდევ გიმნაზიაში ნ. ბარათაშვილთან ერთად მონაწილეობდა პოეზიის „ანთოლოგიის" შედგენაში (1833, გადაწერილია მისი ხელით), ხელმძღვანელობდა ხელნაწერი ჟურნ. „თბილისის გიმნაზიის ყვავილის" გამოცემას (1835, რუს. ენაზე). თარგმნა ა. პუშკინის „ბახჩისარაის შადრევანი", „კავკასიის ტყვე" და სხვ.

თ. სამართლიანად ითვლება XIX ს. ქართ. თეატრის პირველ კრიტიკოსად. მის წერილებში, რ-ებიც დაიბეჭდა გაზ. „კავკაზში", ჟურნ. „ცისკარსა" და გაზ. „დროებაში", გადმოცემულია გ. ერისთავის თეატრის დაარსების ისტორია, მსახიობების დახასიათება, განხილულია პიესები. ყურადღებას იმსახურებს თ-ის წერილები და შრომები ქართ. ეთნოგრაფიაში. თ. აქტ. მონაწილეობას იღებდა კავკ. მუზეუმის ეთნოგრ. კაბინეტისა და რუს. გეოგრაფიული საზ-ბის კავკასიის განყ-ბის მუშაობაში. საქართველოს ეროვნ. მუზეუმში დაცულია თ-ის მიერ 1854 შეგროვებული ხევსურული კოსტიუმები და იარაღის კოლექციის ნაწილი, მათი აღწერილობა.

თხზ.: რჩეული თხზულებანი, თბ., 1981; ქართული მწერლობა 30 ტომად, ტ. 9, თბ., 1992.

ლიტ.: ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი  მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 2, თბ., 1962; კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე  ა., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, II, თბ., 1984; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  დ., მიხეილ თუმანიშვილი, თბ., 1957; უ რ უ შ ა ძ ე  ნ., მიხეილ თუმანიშვილი (თეატრალური კრიტიკოსი), თბ., 1978; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1969; ჭ უ მ ბ უ რ ი ძ ე  ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, I, თბ., 1974; ხ ე ლ თ უ ბ ნ ე ლ ი  მ., სალიტერატურო-საზოგადოებრივი წარსულიდან, თბ., 1938.