თუმანიშვილი მიხეილ გრიგოლის ძე (1895, თბილისი, –21. II. 1921, ტაბახმელა), სამხედრო მოღვაწე. საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის (1918–21) ეროვნ. არმიის შტაბს-კაპიტანი. 1915 დაამთავრა პეტერბურგის საარტ. სასწავლებელი. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. პორუჩიკის სამხ. წოდებით იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის ეროვნ. არმიის ფორმირებისთანავე (1918) ჩადგა მის სამსახურში. 1921 თებერვალში იბრძოდა ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ ტაბახმელაში, სადაც დაიღუპა სხვა ქართვ. მებრძოლებთან ერთად. დაკრძალეს თბილისში, ე. წ. „სობოროსთან", ამჟამინდელი პარლამენტის შენობის წინ.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის ორდენით და წმ. გიორგის ჯვრით.
ლიტ.: მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი, გაზ. «კოლხური კოშკი», თბ., 1995, №23 (28).
ლ. ურუშაძე