თუმანიშვილი მიხეილ ივანეს ძე (6. II. 1921, თბილისი, – 11. V. 1996, იქვე), რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. საქართვ. (1961) და სსრკ (1985) სახ. არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1980), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1986). 1949 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (პედ. გ. ტოვსტონოგოვი). იმავე წლიდან 1971-მდე იყო თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის რეჟისორი, 1965–66 – მთ. რეჟისორი. 1971–75 – საქართვ. ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთ. რეჟისორი, 1975-იდან – კინოსტუდია „ქართული ფილმის" თეატრ. სახელოსნოს მთ. რეჟისორი. თ-ის რეჟისორული ინდივიდუალობა გამოირჩეოდა ნაწარმოების ორიგინ. ინტერპრეტაციით, მკვეთრი თეატრ. ფორმით, სცენური დეტალებისა და ნიუანსების ვირტუოზული დამუშავებით, აქტიორული ანსამბლურობით. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!", ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი", კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა", გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა", პ. კოჰოუტის „როცა ასეთი სიყვარულია", უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მეფე ლირი", „იულიუს კეისარი", ჟ. ანუის „ანტიგონე", ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება", ჟ. რასინის „ფედრა", ა. ჩხაიძის „ხიდი" და სხვ. (ყველა რუსთაველის სახ. თეატრში). 1978 საქართვ. თეატრ. ინ-ტში მისივე სახელოსნოს მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერ. ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა თანამოაზრეთა შესანიშნავი კოლექტივი – „კინომსახიობთა თეატრი“ (იხ. კინომსახიობთა სახელმწიფო დრამატული თეატრი). აქ მან დადგა სპექტაკლები: მოლიერის „დონ ჟუანი", დ. კლდიაშვილის „ბაკულას ღორები", თ. უაილდერის „ჩემი პატარა ქალაქი", ლ. თაბუკაშვილის „ნატაძრალი", უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვ.; ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში – ვ. მოცარტის „დონ-ჟუანი" (1983), ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი" (1986), ჯ. ვერდის „ბალმასკარადი" (1988).
1949-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში (1973-იდან – პროფესორი), ავტორია არაერთი სტატიისა თეატრ. ხელოვნების საკითხებზე და წიგნებისა: „სანამ რეპეტიცია დაიწყება" (1977), „რეჟისორი თეატრიდან წავიდა" (1989), „ახლა კი ფარდა" (1998). 1999 დაარსდა თ-ის სახელობის ხელოვნების საერთაშ. ფესტივალი „საჩუქარი" (ხელმძღვ. ქ. დოლიძე). გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა კინომსახიობთა თეატრს.
გამჭოლი მოქმედება, გადაღებულია 1985 წელს: https://www.youtube.com/watch?v=SHFW5rCac90
თბილ. საპატიო მოქალაქე (1986). თბილისში კინომსახიობთა სახელმწ. დრამ. თეატრის წინ დგას მ. თუმანიშვილის ძეგლი. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: თუმანიშვილი ფიქრობს, თუმანიშვილი თხზავს, თუმანიშვილი ასწავლის. კრ. სამ ტომად, თბ., 2004.
ლიტ.: ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი ვ., „მაესტრო", თბ., 1996; კ ი კ ნ ა ძ ე ვ., ქართველი რეჟისორები, წგ. 2, თბ., 1970; მ უ მ ლ ა ძ ე დ., თანამედროვე ქართული რეჟისურა, თბ., 1973; ტ უ რ ი ა შ ვ ი ლ ი მ., მიხეილ თუმანიშვილის რეპეტიცია – „ზაფხულის ღამის სიზმარი“, თბ., 2012; უ რ უ შ ა ძ ე ნ., მიხეილ თუმანიშვილი: მთავარი მოწმის ნაამბობი, თბ., 1999.