თუმანიშვილი ქეთევან დიმიტრის ასული (31.VIII. 1919, თბილისი, – 30. VII. 2001, იქვე), მუსიკათმცოდნე, კომპოზიტორი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1976). 1943 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ი. რიაზანოვის საკომპოზიციო და ა. ვირსალაძისა და ვ. კუფტინას საფორტეპიანო კლასები). 1949-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1956-იდან – თბილ. კონსერვატორიაში). 1974-იდან იყო პროფ., 1973-იდან – მუს. თეორიის კათედრის გამგე.
თ. ავტორია სიმფონიური, საგუნდო, კამერულ-საკრავიერი, კამერულ-ვოკალური მუს. ნაწარმოებებისა, რ-თაგან აღსანიშნავია ბალეტი-ზღაპარი „ნაცარქექია" (1967), სიმფ. პოემა „გამზრდელი" (1943), ორი კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფ. ორკესტრისათვის (1943, 1952), „ამირანი", შერეული გუნდისა და ფორტეპიანოსათვის (1955), „ალუბლები", ა კაპელა შერეული გუნდისათვის (1955), სამი საბავშვო გუნდი ა კაპელა (1958), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1944), საფორტეპიანო ტრიო (1947), „მესტვირული", პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1959) და სხვ. თ. ავტორია არაერთი სამეცნ. ნაშრომისა ცალკეულ კომპოზიტორთა შემოქმედებისა და ხალხ. მუსიკის, მუს. ფორმების თავისებურებათა შესახებ.