თულაშვილი ივანე ნიკოლოზის ძე

თულაშვილი ივანე ნიკოლოზის ძე (21. VIII. 1863, თბილისი, – 20. II. 1930, იქვე), სამხედრო ინჟინერ-მშენებელი და პედაგოგი. საშუალო განათლება მიიღო თბილ. სამხ. გიმნაზიაში (1882 შემდეგ კადეტთა კორპუსი), სპეციალური – პეტერბურგის სამხ.საინჟ. სასწავლებელსა და ნიკოლოზის სამხ.-საინჟ. აკადემიაში (დაამთავრა 1890, სხვა ცნობით 1892). 1892–95 მსახურობდა მოსკ. სამხ. ოლქში, 1896–1903 – მოსკ. ქალაქის მმართველობის ინჟინრად, 1904–08 – მოსკ. უნ-ტის კლინიკების არქიტექტორად. კერძო დაკვეთით აშენებდა საცხოვრებელ სახლებს (1895–1918). ასწავლიდა ფორტიფიკაციასა და სამშ. საქმეს მოსკ. ალექსანდრეს სამხ. სასწავლებელში (1895–1918), ინჟ. პრიოროვის სამშ. კურსებზე (1904– 14), ქალაქის სამშ. კურსებზე (1905–09). 1921 მიიწვიეს თბილ. უნ-ტში პოლიტექნიკური ფაკ-ტის დაარსებასთან დაკავშირებით (გაიხსნა 1922 წ. 16 იანვარს). 1922 არჩეულ იქნა დოცენტად და ფაკ-ტის მდივნად. კითხულობდა სამშ. სამუშაოთა, სამოქალაქო ხუროთმოძღვრების, ფუძე-საძირკვლების, სახუროთმოძღვრო გეგმარების თეორ. საფუძვლებისა და გათბობა-ვენტილაციის კურსებს. გარდაცვალებამდე მუშაობდა სპი-ში. თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის საქართველოში ხუროთმოძღვრული დარგის ორგანიზაციასა და პირველ ინჟინერ-მშენებელთა აღზრდაში.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., კვალი განათლებული, თბ., 1975; ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918–1928, [ტ.] 1, ტფ., 1928.

ვ. ბერიძე