თომაძე მაია პეტრეს ასული (26. VI. 1954, თბილისი, – 18. XII. 1994, იქვე), მომღერალი (სოპრანო). საქართვ. სახ. არტისტი (1987), ბარსელონის ფ. ვინიასის სახ. საერთაშ. კონკურსის ლაურეატი (1987, გრან-პრი და ოქროს მედალი). 1976 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის ვოკალური ფაკ-ტი (პროფ. გ. ქართველიშვილის კლასი). ამავე წლიდან იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრის სოლისტი. თ-ის დებიუტი (ეთერის პარტია ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერში", 1977) აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო როლად (აღსანიშნავია, რომ 1987 ანალოგიურ კონკურსში ოპერის უკვე ახ. სცენურ დადგმაში კვლავ თ-ის ეთერს მიენიჭა პირველობა).
1980–83 თ-მ სტაჟირება გაიარა მოსკ. დიდ თეატრში (ნ. შპილერის ხელმძღვანელობით). ამ სცენაზე თ-მ შეასრულა ტატიანას (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"), ნატაშა როსტოვას (ს. პროკოფიევის „ომი და მშვიდობა") და იფიგენიას (ვ. გლიუკის „იფიგენია ავლიდში") პარტიები. 1983-იდან თ. კვლავ თბილ. საოპერო თეატრის სოლისტია. წარმატებით შეასრულა სოპრანოს ყველა წამყვანი პარტია, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია: თამარი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება"), სილვანა (გ. ყანჩელის „და არს მუსიკა"), იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა"), დონა ანა (ვ. ა. მოცარტის „დონ ჟუანი"), აიდა, ელისაბედი (ჯ. ვერდის „აიდა", „დონ კარლოსი"), ფატა-მორგანა (ს. პროკოფიევის „სამი ფორთოხლის სიყვარული") და სხვ. წარმატებით ასრულებდა აგრეთვე გ. ჰენდელის, კ. გლიუკის, ვ. ა. მოცარტის, ლ. ბეთჰოვენის, ი. ბრამსის, რ. შუმანის, პ. ჩაიკოვსკის, ს. რახმანინოვის, ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, ო. თაქთაქიშვილის, ბ. კვერნაძის და სხვათა ნაწარმოებებს. თ-ს ჰქონდა იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალობით. 1992-იდან სამუშაოდ გადავიდა ფინეთში, ქ. ჰელსინკიში. გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (იაპონია, გერმანია, ფილიპინები, შვეიცარია, რუმინეთი), თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან.
„გედის სიმღერად" იქცა თ-ის მიერ შესრულებული ეთერის პარტია ბათუმის საოპერო თეატრის სცენაზე (1994).
გ. ტორაძე