ბარი, სამიწათმოქმედო იარაღი. შედგება რკინის პირის, ხის ტარისა და სატერფულისაგან. ძველად მაგარი ჯიშის ხისპირიან ბ-საც იყენებდნენ. ასეთი ბ-ის პირის კიდეებზე ლითონის საქლეშის შემოვლებაც იცოდნენ. მთის ფერდა ადგილებზე მუშაობა ბ-ით მოუხერხებელია. ამიტომ ბ-ის პირს ტარს 90°-იანი კუთხით უგებდნენ და თოხივით ხმარობდნენ. ასეთ იარაღს ბართოხი ეწოდებოდა. ბ-ს ძველად მჭედლები ამზადებდნენ რკინის ცხელი ჭედვით. იგი სამხერ. კავკასიის ერთ-ერთი უძველესი სამიწათმოქმედო იარაღია. მისი გამოსახულება გვხვდება დავითგარეჯის მთავარი ეკლესიის კედლის თავდაპირველ მხატვრობაში (VI–IX სს.). ბარვის პროცესი გამოხატულია ჯრუჭის XII ს. მინიატიურაზე.
ლიტ.: ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960.
გ. ჯალაბაძე