გედევანიშვილი დიმიტრი პანტელეიმონის ძე

გედევანიშვილი დიმიტრი პანტელეიმონის ძე [19. XI (1. XII). 1884, სოფ. კირბალი, ახლანდ. გორის მუნიციპ-ი, – 20. XII. 1958, თბილისი], ნიადაგთმცოდნე. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1956). სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1943). დაამთავრა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფ. მეურნ. და მეტყევეობის ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი (1914). 1910–12 მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის, აზიისა და ამიერკავკ. ნიადაგების გამომკვლევ ექსპედიციებში, რ-ებსაც აკად. კ. გლინკა ხელმძღვანელობდა. დაღესტანში მუშაობდა ოლქის აგრონომად. 1919–29 იყო თსუ-ში, ერთდროულად 1921–24 – თბილ. პოლიტექ. ინ-ტში ნიადაგთმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე, 1929-იდან – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგე. გ-მა გამოიკვლია საქართვ. მევენახეობისა და მეჩაიეობის რ-ნების, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი ხელმძღვანელობით შედგა საქართვ. ნიადაგების რუკები. გ. იყო ნიადაგთმცოდნეობის საკავშ. საზ-ბის საქართვ. განყ-ბის უცვლელი თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ნიადაგთმცოდნეობა, ტფ., 1935; ნიადაგთმცოდნეობის კურსი, მე-2 გამოც., თბ., 1961 (თანაავტ. გ. ტალახაძე).

გ. თოდუა