კანდელაკი ალექსანდრე (სანდრო) იოსების ძე

ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი

კანდელაკი ალექსანდრე (სანდრო) იოსების ძე (6. X. 1893, ნიჩბისი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, – 21. X. 1959, მცხეთა), ფალავანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მცხეთაში მუ­შა­ობ­და რკინიგზაზე, პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისში და ცირკში გამართულ ჭიდაობა­ში იღებდა მონაწილეობას. დაახლ. ორი მეტრი სიმაღლის და 170 კგ წონის ფალავანს ხალხმა „ქართველი გოლიათი“ უწოდა. რეგულარული ჭიდაობა 1921-იდან დაიწყო თბილისის ესიკოვსკის ცირკში. კ-ს ბევრი ცნობილი მოჭიდავე ჰყავს დამარცხებული, მ. შ. თ. კოჟემიაკინი, ი. ზაიკინი, პ. ზაგორუიკო, გ. ლურიხი. აღსანიშნავია კ-ისა და ი. პოდდუბნის შერკინება. ისინი ორჯერ შეხვ­დნენ ერთმანეთს ბაქოში (1923). ერთი შერკინება ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე შეხვედრაში კ-მა გაიმარჯვა. 1921–30 კ. უფრო კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა; მას კლასიკური ჭიდაობის ილეთები საგანგებოდ არ ჰქონდა შესწავლილი, თუმცა განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების წყალობით მაინც იმარჯვებდა. გადაღებულია ქარ­თულ ფილმებში: „ხანუმა“ (1926), „ჯანყი გურიაში“ (1928), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), „ქაჯეთი“ (1936), „მეგობრობა“ (1940), „ქაჯანა“ (1941). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით. 1976 მცხეთაში გაიხსნა კ-ის ძეგლი (მოქანდაკე ბ. ავალი­შვი­ლი).