კანდელაკი ბიძინა სიმონის ძე

კანდელაკი ბიძინა სიმონის ძე [7 (20). III. 1902, ქუთაისი, – 22. V. 1970, თბილისი], ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1930), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). მის სახელს უკავშირდება სა­ქარ­თვე­ლო­ში პირველი მეცნ. კვლევები კოლოიდურ ქიმიაში. თსუის დამთავრების შემდეგ (1927), პ. მელიქი­შვი­ლის რეკომენდაციით, კ. გაიგზავნა გერმანიაში, სადაც ექსტერნად დაამთავრა გეტინგენის უნ-ტი; გუსტავ ტამანის (გერმანია) ლა­ბო­რა­ტო­რია­ში შესრულებული გამოკვლევების საფუძველზე 1929 დაიცვა დი­სერ­ტა­ცია და მიენიჭა ფილოს. დოქტორის ხარისხი. კ-ის დი­სერ­ტა­ციას მაღალი შეფასება მისცა კოლოიდური ქიმიის ერთერთმა ფუძემდებელმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა (1925) რიჰად ზიგმონდმა, რ-მაც იგი სამუშაოდ მიიწვია (1929–31) თავის ლა­ბო­რატო­რია­ში. იქ კ. იკვლევდა ე. წ. უკულაბვის თვისებების მქონე კოლოიდურ სისტემებს მუდმივ ტემპ-რაზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნების შემდეგ, 1935-იდან გარდაცვალებამდე, კ. ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და სპი-ის ფიზ. და კოლოიდური ქიმიის კა­თედ­რას. 1936–39 იყო პ. მელიქი­შვი­ლის სახ. ქიმიის ინ-ტის დირექტორი, ამასთან აგრძელებდა მუშაობას კოლოიდური ქიმიის მნიშვ­ნე­ლო­ვან საკითხებზე. მაღალი სანდოობის ექსპერ. მასალის განზოგადებამ კ-ს საშუალება მისცა სრულფასოვნად განეხილა მრავალფაზიანი სისტემები, რი­თაც დაადგინა კოლოიდებში მიმდინარე პროცესების მექანიზმი, განამტკიცა მოსაზრებები მათი მიკროჰეტეროგენული ­სტრუქტურის შე­სა­ხებ. მისი მეცნ. მოღვაწეობა ასევე დაკავშირებულია ტიქსო­ტროპული სტრუქტურის თვისებების კვლევასთან. დაადგი­ნა ტიქსოტროპული მოვლენის (კოლოიდური სისტემების გალაბვის იზოთერმული შექცევადი პროცესი) კავშირი კოლოიდური ნაწილაკების მუხტთან, აჩვენა ელექტრული პოტენციალის გავლენა დალაბვის პროცესზე, შექმნა ლაბების ორიგინ. კლასიფიკაცია.

კ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იკვლევდა პრაქტ. მნიშვნელობის მთელ რიგ საკითხებს: შავი ჩაის ბიოქიმიას, ბალბის (ჰერანის) ზეთის ხარისხის გაუმჯობესების მეთოდებს და სხვ.

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.