კანდელაკი გელა ირაკლის ძე (დ. 27. V. 1940, თბილისი), კინორეჟისორი. 1958–61 სწავლობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტზე (მ. თუმანიშვილის სახელოსნო). 1965 დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტი დოკუმენტური კინოს რეჟისორის სპეციალობით (ი. კოპალიანის სახელოსნო). 1963-იდან მუშაობდა საქართვ. ქრონიკალურდოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში. გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „დღეს" (1965), „გრძელი ღიღინი" (1966) და სხვ. 1969-იდან მუშაობდა საქართვ. ტელეფილმების სტუდიაში. აქ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს შორის აღსანიშნავია: „ფეხბურთი უბურთოდ" [ლ. სიხარულიძესთან ერთად, 1969; ერევნის, რიგის, კიევის საკავშ. კინოფესტივალებისა და კორტინა დ'ამპეცოს (იტალია) საერთაშ. კინოფესტივალის პრიზები, 1970], „ბავშვთა ნახატების გამოფენა" (1975), „იმერეთი" (1976), „ძველი კოლხეთის ქალაქი" (1984), „ვარძია" (1986) და სხვ. მთავარი როლი (გია აღლაძე) შეასრულა ფილმში „იყო შაშვი მგალობელი" (რეჟ. ო. იოსელიანი, 1970). გადაიღო მხატვრული ფილმი „უბედურება" (დ. კლდიაშვილის პიესის მიხედვით, 1979), დოკუმენტური ფილმი საქართველოზე „ხმელეთის 0,047%" [2007, მთ. პრიზი „ბრინჯაოს ტოტების კონა" კულტურათშორის საერთაშ. კინოფესტივალზე (ლემპო, საფრანგეთი), 2010]. 1979–89 ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის კინოფაკ-ტის ანიმაციური ფილმების სახელოსნოს (თ. გომელაურთან ერთად). არის დამოუკიდებელი სტუდია „კვალი XXI-ის" და მასთან არსებული ჩრდილების თეატრ „ბუდრუგანას" სამხატვრო ხელმძღვანელი.
მ. კერესელიძე