კანდელაკი დავით ერმალოს ძე (3.II. 1903, ქუთაისი, – 25. VI. 1960, თბილისი), კინოოპერატორი, კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1942). სწავლობდა თბილ. სამხედრო სკოლაში (1921–27), მუშაობდა ლენინგრ. ფაბრიკაში „სოვკინო" ოპერატორის ასისტენტად, პარალელურად სწავლობდა კინოინ-ტში საოპერატორო ფაკ-ტზე. 1932–34 იყო კინოსტუდია „აზერკინოს" (ბაქო) ოპერატორი, 1934-იდან – თბილისის კინოსტუდიის დამდგმელი ოპერატორი. გადაიღო მხატვრული ფილმები: „არშაულა" (შ. აფაქიძესთან და ვ. პოლიკევიჩთან ერთად, რეჟ. დ. რონდელი, 1936), „ფრთოსანი მღებავი" (რეჟ. ლ. ესაკია, 1936), „ბედნიერი შეხვედრა" (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1949), „ქალიშვილი ხიდობნიდან" (რეჟ. დ. ანთაძე, 1940), „გაზაფხული საკენში" (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1951), „ბაშიაჩუკი" (რეჟ. ლ. ესაკია, 1955), „ოთარაანთ ქვრივი" (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1958), აგრეთვე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. საკუთარი სცენარით როგორც რეჟისორმა გადაიღო მხატვრული ფილმი "ორი ოჯახი" (1959). არის ავტორი წიგნებისა ფოტოგრაფიის და საოპერატორო ხელოვნების შესახებ: „ფოტოხელოვნება" (1955), „კინოხელოვნება" (1957) და სხვ. კ-მა დიდი წვლილი შეიტანა კინოსაოპერატორო საქმის განვითარებაში.
მ. კერესელიძე