კანდელაკი დავით ვლადიმერის ძე (1895, ყოფ. სოფ. კულაში, ქუთაისის მაზრა, ახლანდ. დაბა კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 29. VII. 1938, მოსკოვი), ეკონომისტი, დიპლომატი და მეცნიერი. სპი-ის პირველი დირექტორი (1928–30). საუნივერსიტეტო განათლება მიიღო გერმანიაში. 1921 საქართველოში დაინიშნა განათლების სახალხო კომისრად. 1928 სათავეში ჩაუდგა სპი-ს. ხელმძღვანელობდა ახ. კადრების ჩამოყალიბებას, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას; უშუალოდ მის სახელთანაა დაკავშირებული სახელმწ. სამეცნ. საბჭოს პედ. სექციების შემოქმედებითი მუშაობა, ქართ. ენაზე საშ. და უმაღლესი სასწავლებლებისათვის სახელმძღვანელოების შექმნა და სხვ. 1930 კ. სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანეს – იყო სსრკ-ის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე. 1934 მიავლინეს შვედეთში სსრკ-ის სავაჭრო წარმომადგენლად, 1935–37 – გერმანიაში იმავე თანამდებობაზე. ასრულებდა ი. სტალინის პირად დავალებებს გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში სსრკ-ისთვის სამხედრო და სტრატეგიული მასალების მიწოდების თაობაზე (ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც "კანდელაკის მისიას"). 1937 დაბრუნდა მოსკოვში. იმავე წელს დააჯილდოვეს ლენინის ორდენით. ემსხვერპლა პოლიტ. რეპრესიებს.
ლიტ.: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (1922–2012), თბ., 2012; Абрамов Н. А., Особая миссия Давида Канделаки, «Вопросы истории», 1991, №4–5.
ი. ლომიძე