კანდელაკი ელეონორა (ნელი) ნიკოლოზის ასული (21. I. 1929, თბილისი, – 27. XII. 2004, იქვე), მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი (1971). სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკ-ტზე (1952–58; პედაგოგები – კ. სანაძე, ა. ქუთათელაძე, ვ. შუხაევი). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. იყო აკადემიის მოსამზადებელი კურსების დირექტორი (1979–2001). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1962-იდან. ნამუშევრები: პორტრეტები – „ნიკოლოზ კანდელაკი" (1958), „ირაკლი აბაშიძე", „გიორგი ლეონიძე", „იოსებ გრიშაშვილი", „ლეო ქიაჩელი" (ყველა 1959), „ფრიდონ ხალვაში", „პარმენ ლორია" (ორივე 1960), „გენერალი აბრამიძე" (1965), „ერნესტ ჰემინგუეის სახლი კუბაზე" (1967), „გალაკტიონ ტაბიძე" (1971), "თამარ თეთრაძე" (1976), "ყირიმი" (1981) და სხვ. გამოფენები: "კუბა მხატვრის თვალით" (1968, თბილისი), "საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება" (1987, მოსკოვი); პერსონალური – თბილისი (1977, 1996) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში, კუბის, რუსეთის, საფრანგეთის, სომხეთისა და სხვა კერძო კოლექციებში.