კანდელაკი ზურაბ ­კონსტანტინეს ძე

ზ. კანდელაკი

კანდელაკი ზურაბ ­კონსტანტინეს ძე (დ. 25. II. 1941, თბილისი), რეჟისორი, მწერალი. 1965 დაამთავრა თბილ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. 1965–67 იყო სო­ხუ­მის დრამ. თეატრის დამდგმელი რეჟისორი, 1967–73 – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სა­ხელმწ. კომიტეტის რეჟისორი, 1973-იდან რადიოთეატრის მთ. რეჟისორია. დადგმული აქვს 500- მდე რადიოსპექტაკლი, მ. შ. კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება" (1968), ლ. ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" (1981), რ. გაბრიაძის "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი" (1982), ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე" (1984), გ. დოჩანა­შვი­ლის "სამოსელი პირველი" (2001), ე. მ. რემარკის "ტრიუმფალური თაღი" (2006), "ნა­სესხები სიცოცხლე" (2009), მაქს ფრი­შის "ჰომო ფაბერი" (2016) და სხვ. რეჟისორია ტელესპექტაკლე­ბისა: რ. ოტკალენ კოს "გამარჯო­ბა, ჩვენო მამებო" (გადმოქარ­თუ­ლებული ჯ. ნინუას მიერ, 1971), ვ. სპივა­კის "ეს არ უნდა მომხდარი­ყო" (გადმოქართულებული თ. გო­დერძი­შვი­ლის მიერ, 1973), ვ. შუკშინის "ენერგიული ადამიანები" (1976), გ. დო­ჩანა­შვი­ლის "კაცი, რომელსაც ლიტერა­ტურა ძლიერ უყვარდა" (1978), "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება" (1979) და სხვ. განახორციელა რადიოდადგმები ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში, აგრეთვე დადგა სპექტაკლები საქარ­თვე­ლოს სხვა­და­სხვა თეატრში. მისი რადიოპიესები – ­"რეპეტიცია", "კურდღლები", "და­უმთავ­რებელი პიესა", "მელოდრა­მის ჩვეულებრივი ­ხიბლი" – სხვადა­სხვა დროს დაიდგა გერმანიაში, სლოვენიაში, სლოვაკეთში, სერბეთში, პოლონეთში. კ-მ შეადგინა რადიოპიესების ორი კრებული, გამოსცა მოთხრობების ("უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს", 1992) და პიესების ("სულ ერთი წუთი მადროვე, ჯალათო", 2012) კრებულები; რომანი "უძრავი ქარი" (2014). მიღებული აქვს რადიოდადგმების პირველი საკავშირო ფესტივალის (1990) და საერთაშ. ფესტივალ "ოსტანკინოს პრიზის" (1994) გრან-პრი; არის დსთ-ის, ბალტიისპირეთის ქვეყნების ფესტივალებისა (1992) და ბერლინის რადიოფესტივალის ("Prix Europe") ჟიურის სპეც. პრიზის მფლობელი (2005). დაჯილდოებულია ჟურნალისტთა საერთაშ. ფონდის პრიზით "ოქროს ფრთა" (2013). სა­ქარ­თვე­ლოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990–92). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1995).

თ. კახიანი