გულწითელა (Erithacus rubecula), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, სპორადულად აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან, ვრცელდება ზ. დ. 1800 მ -მდე. მისი სხეულის სიგრძე 150–160 მმ, მასა 16–18 გ აღწევს. ბუდეს იკეთებს მიწაზე, კუნძებზე, იშვიათად ფუღუროში, წაქცეული ხეების ქვეშ. დებს 5–6 კვერცხს, კრუხობს 13–14 დღე. ფრთხილი ფრინველია, საკვებს ხტუნვა-ხტუნვით დაეძებს. იკვებება მწერებით, ლოქორებით, ჭიებითა და სხვა უხერხემლოებით. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფორმა, ამასთან, კავკასიონისათვის დამახასიათებელია კავკ. ქვესახეობა კავკასიური გ. (E. r. caucasicus), ხოლო მცირე კავკასიონისათვის – ირანული ქვესახეობა – ჰირკანული გ. (E. r. hyrcanus).
რ. ჟორდანია