კანდელაკი ნიკოლოზ ილიას ძე (9. VII. 1907, სოფ. ბახვი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 25. V. 1965, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962). 1929 თსუ-ის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბათუმის საშ. სპეც. სასწავლებელში პედაგოგად და პარალელურად ეწეოდა სამეცნ. მოღვაწეობას. ამ პერიოდში გამოაქვეყნა პირველი სამეცნ. ნაშრომი. 1938-იდან ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე (თელავის, ბათუმის, გორის პედაგოგიურ ინ-ტში ლექტორად, კათედრის გამგედ).
კ. ერთი პირველთაგანია, რ-იც იკვლევდა ქართ. მჭევრმეტყველების ისტორიას. ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა ნაშრომებმა: „ქართული მჭევრმეტყველება. ძეგლები და მასალები", "ქართული კლასიკური მჭევრმეტყველება", "ქართული მჭევრმეტყველება. პირველი ქართველი ორატორები" და სხვ.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.