კანდელაკი ნიკოლოზ პორფირეს ძე [5(17). X. 1889, სოფ. კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 24. VIII. 1970, სოხუმი, დაკრძალულია თბილისში], მოქანდაკე, თანამედროვე ქართული ქანდაკების ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. სახ. მხატვარი (1957). პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინ-ტში სწავლის პერიოდში, დ. კაკაბაძის დახმარებით მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. ქანდაკების დარგში მუშაობა გვიან დაიწყო. 1922–25 სწავლობდა ლენინგრადის უმაღლეს სამხატვრო-ტექნიკურ ინ-ტში (ВХУТЕИН) ა. მატვეევის ხელმძღვანელობით. 1926 საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტ. ცხოვრებაში. იმავე წელს თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში მიიწვიეს, სადაც 1926–70 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1944-იდან – პროფესორი). კ. განსაკუთრებით წარმატებით მუშაობდა პორტრეტის დარგში. მან შექმნა ქართვ. მწერალთა, მეცნიერთა, მხატვართა, მსახიობთა, სამხ. და სახელმწ. მოღვაწეთა პორტრეტების მთელი გალერეა. კ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ხაზგასმული პლასტიკურობა, თავშეკავებული დინამიკა, ძლიერი და განზოგადებული ფორმა, მოცულობის შესანიშნავი გრძნობა, სადა, ნათელი კომპოზიციები, მატერიალურობა; დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნახატს, ფორმის პლასტიკურობას იყენებდა შინაგანი ხასიათის გასახსნელად. ადრინდ. პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ვ. ბერიძის (1935, თაბაშირი), ა. თოიძის (1937, თაბაშირი), განსაკუთრებით გამორჩეულია ლ. გუდიაშვილის პორტრეტი (პირველი ვარიანტი 1934; ბოლო – 1935, ქვა, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი) – კომპოზიციურად რთული, დინამიკური, ცოცხალი და მეტყველი, შინაგანი დრამატიზმით აღსავსე. შემდეგ ნამუშევრებში კ. გაურბოდა ასეთი მკვეთრი მოძრაობის გადმოცემას. საინტერესოდ გადაწყვიტა ა. ხორავას პორტრეტი (1948, ბრინჯაო – შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი), რ-შიც მხატვრისთვის დამახასიათებელი მონუმენტურობით ნაჩვენებია მსახიობის განსაკუთრებული შინაგანი ძალა. ასევე დიდი პლასტ. და ფსიქოლ. ძალით განასახიერა იმერელი მაღაროელის (1938, ბრინჯაო), დ. არაყიშვილის (1939, თაბაშირი), შ. დადიანის (1941, ქვა), დ. ანდღულაძის (1941, თაბაშირი), ა. შანიძის (1942, თაბაშირი), ა. ალადაშვილის (1944, თაბაშირი), ა. კვანტალიანის (1945, ბრინჯაო), საბჭ. კავშირის მარშალ თ. ტოლბუხინის (1947), გენ. ა. ანტონოვის (1950, თაბაშირი), ნ. ბერძენიშვილის (1952, ბრინჯაო), ნ. ვაჩნაძის (1952, თაბაშირი), ჰუგო ჰუპერტის (1953, ბრინჯაო), ნ. მუსხელიშვილის (1954, ბრინჯაო), კ. ილურიძის (1959, ბრინჯაო, ყველა – შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი) პორტრეტები. აგრეთვე აღსანიშნავია შიშველი ქალის ფიგურა (1949–50, თაბაშირი), კომპოზიცია "სიმშვიდე" (1959) და ფ. მახარაძის ძეგლი [1958, ბრინჯაო, ქ. მახარაძე (ახლანდ. ოზურგეთი)]. ღრმა ფსიქოლოგიზმითა და მაღალი ოსტატობით გამოირჩევა სიცოცხლის ბოლო წლებში შესრულებული ნამუშევრები [ი. აბაშიძის (1968), პ. კაკაბაძის (1969) პორტრეტები და სხვ.]. მნიშვნელოვანია კ-ის პედ. ღვაწლი, მან აღზარდა ქართვ. მოქანდაკეების არაერთი თაობა (თ. აბაკელია, ვ. თოფურიძე, ე. მაჩაბელი, შ. მიქატაძე, ე. ამაშუკელი, მ. ბერძენიშვილი, გ. ოჩიაური, ჯ. მიქატაძე, ბ. ციბაძე და სხვ.). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში, მოსკოვის აღმ-ის ხალხთა ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: კ ვ ა ს ხ ვ ა ძ ე შ., ნიკოლოზ კანდელაკი, თბ., 1961; შ ა ნ ი ძ ე ლ., ქართული საბჭოთა ქანდაკება, თბ., 1975; Беридзе В., Езерская Н., Искусство Советской Грузии. 1921–1970, М., 1975.
თ. გერსამია