კავსაძე დავით (დათაშკა) ალექსანდრეს (სანდროს) ძე [10. VIII. 1907, ჭიათურა, – 1952, ჩრდ. ურალის ბანაკი (სვერდლოვის მხარე)], მომღერალი, ლოტბარი. კავსაძეების მუსიკალური ოჯახიდან გამოსულს, ბავშვობიდანვე იშვიათი მონაცემები დაჰყვა – ერთი მოსმენით შეეძლო საქართვ. სხვადასხვა კუთხის სიმღერების დამახსოვრება. 14 წლიდან ხელმძღვანელობდა ჭიათურის საშ. სკოლის გუნდს. 1926 დაინიშნა შორაპნის რკინიგზის სკოლის სიმღერის მასწავლებლად, 1927 – ქუთაისის ვაჭრობის მუშაკთა კლუბის გუნდის ლოტბარად. 1929–31 სწავლობდა თბილ. მე-2 სამუსიკო სასწავლებელში, შემდეგ კონსერვატორიაში – თავდაპირველად საკომპოზიტორო (თხზავდა სიმღერებს), შემდეგ კი საგუნდო-სადირიჟორო ფაკტზე. იმავე პერიოდში ძმასთან, გიგუშასთან (გ. ა. კავსაძე) ერთად მღეროდა წამყვან ხმებს ტყიბულის მაღაროელთა გუნდში მამამისის, ა. გ. კავსაძის ხელმძღვანელობით, 1935-იდან კი – აღმ. საქართვ. სახელმწ.-ეთნოგრაფიულ გუნდში. მსმენელს ხიბლავდა ძმების მიერ შესრულებული „მეტივური", „ზამთარი", „მრავალჟამიერი" და სხვ. 1937 მოსკოვში, ქართ. კულტურის დეკადაზე და სსრკ ქალაქებში გამართულ კონცერტებზე იყო სახელმწ. გუნდის ფაქტობრივი ხელმძღვანელი, 1939-იდან კი – ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის ერთ-ერთი ლოტბარი. 1941 გაიწვიეს ჯარში. ტყვედ ჩავარდნილმა საფრანგეთის ტყვეთა ბანაკში გუნდი ჩამოაყალიბა, რ-ის რეპერტუარი ჩაწერილია, მაგრამ დაკარგული. 1945 დაბრუნდა საქართველოში, თუმცა სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს და ციმბირში გადაასახლეს. გარდაიცვალა იქვე. საფლავი უცნობია.
ლიტ.: ა ს ი ე შ ვ ი ლ ი ბ., კავსაძეები, თბ., 2007; გ ე გ ე ჭ კ ო რ ი ვლ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, თბ., 1966; დისკოგრ.: კავსაძეები. 1909– 1937 წწ. ჩანაწერები, თბ., 2007.
ბ. ასიეშვილი