თავხელიძე დავით დავითის ძე

 

დ. თავხელიძე

თავხელიძე დავით დავითის ძე (დ. 12. VIII. 1946, თბილისი), ინჟინერ-მექანიკოსი. სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (2009). ტექ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1988). 1968 დაამთავრა სპი-ის მანქანათმშენებლობის ფაკ-ტი, 1971 მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის მანქანათა ნაწილების კათედრაზე. 1985–2003 სტუ-ში ხელმძღვანელობდა ტექნოლ. პროცესების ლაბორატორიას, პარალელურად 1987–2005 იყო სტუ-ის მექანიზმებისა და მანქანათა თეორიის კათედრის გამგე, 2005–08 – ტრანსპორტისა და მანქანათმშენებლობის ფაკ-ტის დეკანი, ხოლო 2008-იდან – სტუ-ის სამეცნ. დეპარტამენტის უფროსი. 2009 აირჩიეს ევრ. მეცნ. და კულტ. აკადემიის ნამდვილ წევრად.

თ-ის სამეცნ. შრომები მოიცავს: ბრტყელი და სივრცითი მრავალრგოლიანი სახსროვანი მექანიზმების კინემატიკური და დინამიკ. ანალიზისა და სინთეზის საკითხებს, კერძოდ, სამრეწველო რობოტების შემსრულებელი მექანიზმების დინამიკას; მცირე ჰიდროელექტროსადგურებისათვის ორმაგი ქმედების ტურბინების შექმნას და დანერგვას; მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების შექმნასა და დანერგვას; ოპტიკურ–ბოჭკოვანი სენსორების გამოყენების ბაზაზე ლითონკონსტრუქციების მონიტორინგისათვის განკუთვნილი დანადგარების შექმნას და დანერგვას. სამუშაოსათვის „ცილინდრული დეტალების დამმუშავებელი გადასამართავი რობოტიზებული ხაზის შექმნა და დანერგვა" მიენიჭა საქართვ. სა­ხელმწ. პრემია (1986). ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა. 1999-იდან მუშაობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულებაზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013).

თხზ.: ინგლისურ-ქარ­თუ­ლი განმარტებითი ლექსიკონი გამოყენებით მექანიკაში, თბ., 2004; გამოყენებითი მე­ქანიკა, თბ., 2005; მექანიზმების დინამიკური ანალიზი, თბ., 2008; Математическое моделирование и динамический синтез многосвязных систем приводов промышленных роботов, Тб., 2009; Solution of straight geometrical problem for five link mechanism with two degrees of freedom, Tb., 2011.