ბარათაშვილი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ( 1. II. 1865, თბილისი, – 22. III. 1932, პარიზი), რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1916). დაამთავრა ვლადიკავკაზის რეალური და სამხ. სასწავლებლები, ხოლო, 1891 – გენ. შტაბის ნიკოლოზის აკადემია I თანრიგით.
მსახურობდა მე-13 ქვეით დივიზიაში (შტაბის უფროსის ადიუტანტი), კავკ. სამხ. ოლქის შტაბში, მე-14 ქართველ გრენადერთა პოლკში. 1897–1900 კითხულობდა ლექციების კურსს სტავროპოლის კაზაკთა სასწავლებელში. მონაწილეობდა რუს.-იაპონიის (1904–05) ომში, 1900–07 მეთაურობდა თერგის კაზაკთა ჯვრის I სუნჯ-ვლადიკავკაზის პოლკს. 1906 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. 1907–12 იყო კავკასიის საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. 1912 მიენიჭა გენ.-ლეიტენანტის წოდება. 1912–15 მეთაურობდა კავკასიის კაზაკთა I დივიზიას. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1915 იბრძოდა ოსმ. ფრონტზე; მისი რაზმის წარმატებულმა მოქმედებამ ჩაშალა ოსმ. სარდლობის გეგმა და რუსებს შეუნარჩუნა ადრე დაკავებული ტერიტორია. იმავე წელს მისი მეთაურობით რუსეთის საექსპედიციო-საკავალერიო კორპუსმა აიღო ქალაქები ყაზვინი და ჰამადანი. 1916–17 იყო კავკ. საკავალერიო კორპუსისა და სპარსეთში ცალკეული საექსპედიციო კორპუსის სარდალი. 1917 თადარიგში გავიდა. მონაწილეობდა 1918–20 რუსეთის სამოქალაქო ომში, იყო მოხალისეთა არმიისა და სამხრ. რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. 1919 გენ. ა. დენიკინის დავალებით ჩავიდა თბილისში საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, იმავე წლის 13 სექტ. ვერის დაღმართზე ეტლით მიმავალი ბ. ტერორისტმა ა. ელბაქიძემ ყუმბარით მძიმედ დაჭრა; მან ფეხი დაკარგა. 1920 ბ. იყო სამხრ. რუსეთის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი. იმავე წელს ემიგრაციაში წავიდა. გენ. პ. ვრანგელის დავალებით ეხმარებოდა რუს სამხ. ინვალიდებს. 1930-იდან იყო რუს. და სამხ. ინვალიდთა საზღვარგარეთის კავშირის თავ-რე, ყოველთვიური სამხ.-სამეცნ. და ლიტ. გაზ. „რუსკი ინვალიდის“ მთ. რედაქტორი.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას I, II; წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის, სპარსეთისა და ბუხარის ორდენებით, ოქროს იარაღით.
დაკრძალულია პარიზთან ახლოს, სენტ-ჟენევიევ-დე ბუას სასაფლაოზე.
ლიტ.: Аусский С., Казаки – особое сословие, М. – СПБ, 2002; Волков С., Трагедия русского офицерства, М., 2001.
მ. გოგიტიძე