თაბუკაშვილი ლაშა რევაზის ძე

 

ლ. თაბუკაშვილი

თაბუკაშვილი ლაშა რევაზის ძე (დ. 23. XI. 1950, თბილისი), მწერალი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2006). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1972). 1986–88 იყო მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, 1987-იდან – ახალგაზრდული ალმანახის „სათავის" რედაქტორი, ხოლო 1995-იდან – ლიტ. ჟურნ. „XX საუკუნის" გამომცემელი. 1998 დააარსა მწერალთა კლუბი „XX საუკუნე". თ-ის პირველი მოთხრობა „მოკლეს ბიჭი" დაიბეჭდა ჟურნ. „ცისკარში" 1969, პირველი პიესა „ჭრილობა" 1973 დაიდგა ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. თეატრსა (რეჟ. დ. ხინიკიძე) და კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში (რეჟ. გ. თოდაძე). არის ლექსების, მოთხრობების, პიესების ავტორი: „ძველი ვალსი" (1975), „დარაბებს მიღმა გაზაფხულია" (1977), „ათვინიერებენ მიმინოს" (1981), „შენსკენ სავალი გზები" (1984), „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" (1997), „თოვლივით თეთრი თოვლი" (2001), „ასტეროიდზე აღარ იწვიმებს" (შოთა რუსთაველის პრემია), მოთხრ. „კომოციო" (2000) და სხვ. თ-ის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ტერანგი" (1984, რეჟ. ო. ლითანიშვილი), „სანამ წვიმა გადაივლიდეს" (1985, რეჟ. ქ. დოლიძე), „ვამეხი მოდის" (1987, რეჟისორები: ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა). ცალკე წიგნებად გამოქვეყნებულია „შენსკენ სავალი გზები" (1985), „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" (1999), „თოვლივით თეთრი თოვლი" (2001), „ერთიც გაიცინე, გუინპლენ" (2014).

თ-ის შემოქმედების ძირითადი თემაა ახალგაზრდობის ცხოვრება (მთავარი გმირი – ახალგაზრდა კაცი), თაობათა ურთიერთობა. მიღებული აქვს პრემიები: 2005 – წლის საუკეთესო პიესა („დარაბებს მიღმა გაზაფხულია"), საუკეთესო ქართ. თანამედროვე პიესა [„ათვინიერებენ მიმინოს" („სულის სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ")], თეატრ. პრემია „დურუჯი" (ორივე 2010).