თაბუკაშვილი მერაბ დავითის ძე (დ. 5. V. 1925, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1965). 1948 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1948–55 შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრის, ხოლო 1956-იდან კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობი იყო. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: მირეკი (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად"), პალიკო (ნ. აზიანის „უკანასკნელი მასკარადი"), ტრავერსენი (კ. გოლდონის „საპატარძლო აფიშით"), ლევან ბატონიშვილი (ლ. გოთუას „მეფე ერეკლე"), ედუარდ, უელსის პრინცი, ბალთაზარი (უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე", „აურზაური არაფრის გამო"), ფუშე (ვ. სარდუს „მადამ სან ჟენი"), ბანკის დირექტორი (მ. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე"), რიკარდო (ედუარდო დე ფილიპოს „ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი") და სხვ. თ. ავტორია მრავალი წერილისა ქართველ ხელოვანთა შესახებ. ეწეოდა ნაყოფიერ მუშაობას ესტრადის ქართვ. მოღვაწეთა პროპაგანდისათვის. ამზადებდა და აწყობდა რუს. რომანსის საღამოებს, თანამშრომლობდა (საორგანიზაციო საკითხებში) დებ იშხნელებთან. თ-ის ძალისხმევით თბილისში გადმოასვენეს მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართვ. მომღერლის, რუს. რომანსის უბადლო შემსრულებლის თ. წერეთლის ნეშტი, დაკრძალეს ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.