ელიავა ლია შალვას ასული

ლ. ელიავა 

ელიავა ლია შალვას ასული (28. V. 1934, თბილისი, – 7. IX. 1998, იქვე), კინომსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1975). დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1955). 1956-იდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობი იყო, 1986–91 – საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. ე-მ ეკრანზე შექმნა ქალთა საინტერესო სახეები, რ-ებიც გამოირჩეოდნენ გრძნობათა სიწრფელით, არტისტული ინდივიდუალობით, ლირიზმით. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნინო („ჩრდილი გზაზე", 1956), მზისა და მთვარისა („ბაში-აჩუკი", 1957), ქეთო („ქალის ტვირთი", 1957), ზეინაბი („მამლუქი", 1958), ნანი („განაჩენი", 1959), ელიკო („შეწყვეტილი სიმღერა", საქართველო– ჩეხოსლოვაკიის ერთობლივი ფილმი, 1960), ანა ცალიკოვა („ირისთონის შვილი", 1960, „ლენფილმი"), ირმა („ჭიაკოკონა", 1961), ანა („საღამო მშვიდობისა", 1962, „მოსფილმი"), ლეილა („ზღვის შვილები", 1964), ქეთო („მე ვხედავ მზეს", 1965), ნატო („მალე გაზაფხული მოვა", 1967), მელიტა („ქალაქი ადრე იღვიძებს", 1967), თაკუე („ძმები საროიანები", 1969, „არმენფილმი"), საიალი („სალამურის ხმა", 1975, „აზერბაიჯანფილმი"), ლია („არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ", 1976), მსახიობი ამირეჯიბი („სინემა", 1977), თიკო ორბელიანი („დათა თუთაშხია", 1978), თინათინ დედოფალი („წიგნი ფიცისა", 1983), ანა გრუზინსკაია („ბაგრატიონი", 1985), რუსუდანი („ორომტრიალი", 1986) და სხვ. ე-ს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფ. კულტურა და ოსტატობა. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.