თოფურია ვარლამ ტრიფონის ძე (8. I. 1901, სოფ. ონტოფო, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 21. VIII. 1966, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1944), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1935). დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი საენათმეცნიერო განხრით (1922). სამეცნ.-პედ. მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (1926–66) და საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნიერების ინ-ტში (1936–66). თავდაპირველად იყო ენის, ისტ. და მატერ. კულტურის ინ-ტის ლექსიკოლოგიის (1936–41), შემდეგ – ენათმეცნიერების ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბის (1941–60) გამგე; ენათმეცნიერების ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1941–43), დირექტორი (1943–49). 1945-იდან გარდაცვალებამდე განაგებდა თავისივე ინიციატივით დაარსებულ ახ. ქართ. ენის კათედრას თსუ-ში.
თ. ხელმძღვანელობდა ქართ. ენის პრობლემების საკოორდინაციო სამეცნ. საბჭოს, მონაწილეობდა ქართ. სალიტ. ენის ნორმების დამდგენი რესპ. კომისიის მუშაობასა (ერთხანს იყო კომისიის მდივანი) და მეცნ. ტერმინოლოგიის შექმნა-დანერგვაში.
თ. იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკ. ენათა სტრუქტურისა და ისტორიის, დიალექტოლოგიისა და ლექსიკოლოგიის, ეპიგრაფიკისა და ქართ. ენის სწავლების აქტუალურ საკითხებს. მისი პირველი სამეცნ. ნაშრომია „სინტაქსური ანალოგიის ერთი შემთხვევა ქართულში დიალექტების მიხედვით" (1923); ავტორია 250-მდე შრომისა, ხოლო მისი რედაქციით გამოცემულია 70-მდე წიგნი.
თ. საქართველოში პირველთაგანია, ვინც მთის იბერიულ-კავკ. ენებს სწავლობდა ადგილზე, საველე პირობებში. ასე შეიქმნა თ-ს პირველხარისხოვანი შრომები ლაკური ენის ფონეტიკა-მორფოლოგიისა თუ სინტაქსის საკითხებზე. განსაკუთრებულია მისი როლი სვანური ენის მეცნ. შესწავლაში („სვანური ენა", 1. ზმნა, 1930). ა. შანიძესთან ერთად დააარსა სვანური ტექსტების გამოცემის სერია. გამოიცა „სვანური პოეზია", 1 (1939); „სვანური პროზაული ტექსტები": 1. ბალსზემოური კილო (1939); 2. ბალსქვემოური კილო (1957); 3. ლენტეხური კილო (1967); 4. ლაშხური კილო (1979). ამ სერიაში გამოქვეყნებული ტექსტების საგრძნობი ნაწილი თ-ს მიერაა ჩაწერილი და სვანური ენის დოკუმენტაციას წარმოადგენს.
ქართ. და ქართველურ ენათა ფონეტიკის საკვანძო საკითხებია განხილული თ-ს შრომათა ციკლში „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში" (5 ნაწილად, 1926–41); საგანგებო შრომათა სერია მიუძღვნა ქართველურ ენათა სიტყვაწარმოებას (6 ნაშრომი, 1938–59); ქართველურ ენათა ისტ.-შედარებითი შესწავლის საკითხებს: „ზოგიერთი ბრუნვის გენეზისისათვის მეგრულჭანურში" (1937), „რედუქციისათვის ქართველურ ენებში" (1946), "გრამატიკულ მოვლენათა ერთგვაროვანი პროცესი ქართველურ ენებში" (1954), „ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკის ზოგიერთი საკითხი" (1961) და სხვ.
თ. 1922-იდან სწავლობდა ქართ. დიალექტებს; გამოსცა გამოკვლევა „ქართველურ ენათა დიალექტების შესწავლის მდგომარეობა და ამოცანები" (1963). მისი ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოქვეყნდა „ქართული დიალექტოლოგია", I (1961), რ-შიც დიალექტების მიმოხილვათა მეტი წილი თ-ს ეკუთვნის.
ქართ. ეპიგრაფიკას ეძღვნება თ-ს შრომები: „შიდა ქართლში დაცულ ზოგიერთ სიძველეთა წარწერები" (1924), „ქვაჯვარანი საქართველოში" (1942). ძვ. ქართულის საკვანძო საკითხებს ეხება გამოკვლევები: „ზმნის უძველესი სუფიქსაციისათვის ქართულში" (1942), „დ- თავსართიანი ზმნები ქართულში" (1942) და სხვ. სახელთა ბრუნება, ფუნქციები გამოკვლეულია ნაშრომებში: „წოდებითი ბრუნვისათვის" (1953), „ვითარებითი ბრუნვის დაბოლოებისათვის ქართულში" (1942), „წრფელობითი ბრუნვისათვის ძველ ქართულში" (1965) და სხვ. გამოქვეყნდა თ-ს „თანამედროვე ქართული ენა" 5 მონაკვეთად (1932–33), „ქართული ენის გრამატიკის სადავო საკითხები" (1967) და სხვ.
თ-მ საფუძველი ჩაუყარა ქართ. ენის სწავლების მეცნ. მეთოდიკას: „ქართული წერის დედანი" – დაწყებითი სკოლების მოსწავლეთათვის (I გამოც. 1933); წერილების სერია "მშობლიური ენის სწავლების საკითხები საშუალო სკოლაში" (1953–60); ცალკე წიგნად – „ქართული ენა და მართლწერის ზოგიერთი საკითხი" (1965, 1988, 2005).
თ. იყო „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" მთავარი რედაქციის წევრი და III ტომის რედაქტორი, რისთვისაც 1971 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია; იყო ასევე „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის", „რუსულ-ქართული ლექსიკონისა" და "ქართულ-რუსული ლექსიკონის" თანაავტორი.
თხზ.: შრომები, ტ. 1, თბ., 1967; ტ. 3, თბ., 1979; ტ. 2, თბ., 2002; Сванский язык. – «იკე», XII, თბ., 1985.
ლიტ.: თ ა ლ ა კ ვ ა ძ ე მ., ვარლამ თოფურია, თბ., 1968; კ ი ზ ი რ ი ა ა., ქ ა ლ დ ა ნ ი მ., ვარლამ თოფურია (ცხოვრება და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა), თბ., 1968; ვარლამ თოფურია. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. მ. პატარაია, ვ. გოგილაშვილი, თბ., 1984.
გ. ბურჭულაძე