გიორგი მიტროპოლიტი

გიორგი მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – დავით გიორგის ძე ა ლ ა დ ა შ ვ ი ლ ი) (8. XII. 1850, სოფ. არბოშიკი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 28. II. 1924, იქვე), სასულიერო მოღვაწე.

1864 სწავლობდა თბილ. სას. სასწავლებელში, 1869–75 – თბილ. სას. სემინარიაში, რის შემდეგაც დაინიშნა თბილ. სას. სასწავლებლის პედაგოგად. 1884 დაამთავრა კიევის სას. აკადემია ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდებით. 1899 წ. 25 სექტ. გ. მ. ბერად აღიკვეცა. ამავე წლის 3 ოქტ. აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1902 წ. 16 მარტს აირჩიეს იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დაინიშნა დავითგარეჯის ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1905 წ. 25 სექტემბერს ხელდასხმულ იქნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად, ხოლო 1908 წ. 1 თებერვალს – იმერეთის ეპისკოპოსად. 1912 წ. 11 აპრილიდან შეთავსებით გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. საზ.-კულტ. საქმიანობაში. 1917 წ. 12 (25) მარტს ხელი მოაწერა საქართვ. ავტოკეფალიის აღდგენის აქტს, თუმცა ეგზარქოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აქტზე ხელის მოწერა გამოიწვია გამოუვალმა ვითარებამ. ამ განცხადებას ეპარქიის მხრიდან მოჰყვა სრული უნდობლობის გამოცხადება, რის გამოც საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ გ. მ-ს მღვდელმთავრობა შეუჩერა, ხოლო 1917 წ. 8–17 სექტემბერს გამართულმა I საეკლ. კრებამ იმერეთის ეპისკოპოსის თანამდებობიდან გადააყენა.

1918 წ. 1 აგვისტოდან მიტროპოლიტმა ლეონიდემ გ. მ. წილკნის ეპარქიის მმართველად დაადგინა. 1920 ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი გახდა და დროებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიასაც განაგებდა. 1922, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და 1922 წ. 17 ოქტომბერს ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1924, ბოლშევიკების მიერ ხირსის მონასტრის დარბევის შემდეგ, იძულებული გახდა თავის სოფელ არბოშიკში დაბრუნებულიყო.

გ. მ-ს მიღებული აქვს არაერთი საეკლ. ჯილდო – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება, წმ. ვლადიმირის IV, წმ. ანას I და II ხარისხის ორდენები.

დაკრძალულია სოფ. არბოშიკის ეკლესიის გალავნის ჩრდ. კედელთან.

ლიტ.: ვ ა რ დ ო ს ა ნ ი ძ ე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010; ჟვანია ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994.

თ. მარგველაშვილი