თოფურია სამსონ ბესარიონის ძე [12 (24). VI. 1854, სოფ. ძველი აბაშა, – 23. VI(6.VII). 1904, აბასთუმანი, დაკრძალულია ქუთაისში], ექიმი.
ქუთ. კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტზე, 1885 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი და ამავე წელს ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრა ბერლინში, სადაც 2 წელი იმუშავა რ. ვირხოვთან. შემდეგ ერთხანს შვეიცარიაში მუშაობდა – შეისწავლა მკურნალობის რენტგენოლოგიური და ფიზიოთერაპიული მეთოდები. მისი თაოსნობით 1890 ქუთაისში აიგო პირველი კლინ. საავადმყოფო, რ-საც სიცოცხლის ბოლომდე ედგა სათავეში. მანვე გახსნა ქუთაისში პირველი ამბულატორია.
ლიტ.: მ ხ ე ი ძ ე გ., ექიმი სამსონ თოფურია, თბ., 1959; ნ ი კ ო ლ ა ძ ე ნ., ექიმ სამსონ თოფურიას ცხოვრება და მოღვაწეობა, «ივერია», 1903, № 232; წ ე რ ე თ ე ლ ი ა., მოგონება, ფიქრები კუბოს წინ, იქვე, 1904, N164.
ვ. აბაშიძე