თოფურიძე ელენე ივანეს ასული (3.V.1922, ბათუმი, – 29. IX. 2004, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1976). სწავლობდა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტზე (1940–44). დაამთავრა მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1945). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტის ესთეტიკის განყ-ბის გამგე (1982– 98).
თ-ის კვლევის ძირითადი სფეროა თეორ. ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის, ესთეტიკის ისტორიისა და კულტუროლოგიის აქტუალური პრობლემები. თ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც: იტალიურიდან თარგმნა ნაწყვეტები იტალ. რომანტიზმის მამამთავრის ალესანდრო მანძონის თეორ. შრომებიდან (1955, რუს. ენაზე), რუსულიდან თარგმნა სერვანტესის „სალამანკის გამოქვაბული" (დაიდგა თბილ. თეატრ. ინ-ტის სცენაზე, 1960), ედუარდო დე ფილიპოს „მოჩვენებანი" (დაიდგა თელავის თეატრის სცენაზე, 1970); რუსულად თარგმნა გ. თევზაძის „იმანუილ კანტი. თეორიული ფილოსოფიის პრობლემები" (1979). მონაწილეობდა ესთეტიკოსთა საერთაშ. კონგრესებში შვედეთში (1968), იტალიაში (1970), რუმინეთში (1972). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ესთეტიკური პრობლემა ჯოვანი ჯენტილეს აქტუალისტურ ფილოსოფიაში, კრ.: ესთეტიკის საკითხები, თბ., 1968; რენესანსის არსის ზოგიერთი ასპექტი, «თსუ შრომები». ფილოსოფია, 1989, N292; ადამიანის პრობლემა ქართულ ფოლკლორში (მითი ამირანზე და მითოსური ცნობიერება), «ხელოვნება», 1995, N4–5–6; Элеонора Дузе, М., 1960; Эстетика Бенедетто Кроче, Тб., 1967 (ტოკიო, 1978, იაპონურ ენაზე); Философская концепция Луиджи Пиранделло, Тб., 1971; Человек в античной трагедии, Тб., 1983.
ლიტ.: ა მ ბ ო კ ა ძ ე მ., ფილოსოფოსი ელენე თოფურიძე, თბ., 2009.