თოფურიძე ვალენტინ ბაგრატის ძე

თოფურიძე ვალენტინ ბაგრატის ძე [31. XII. 1907 (13. I. 1908), თბილისი, – 13. XI. 1986, იქვე], მოქანდაკე. საქართვ. სახ. მხატვარი (1960), სსრკ სამხატვრო აკად. ნამდვილი წევრი (1970), სტალინური პრემიის ლაურეატი (1950). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1931), იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის, ე. ლანსერეს, ი. შარლემანის მოწაფე. იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1955-იდან პროფესორი). თ. ძირითადად მონუმენტალისტია. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ლ. კეცხოველი (ქვა, 1936, თბილისი, 9 აპრილის სახელობის ბაღი, აიღეს 1998), რუსთაველი (ქვა, მარმარილო, 1937–38, ახალციხე), კომპოზიციური ჯგუფი „საქართველო" (ბრინჯაო, 1939, სას.-სამ. გამოფენა, მოსკოვი), „გამარჯვება" (ბრინჯაო, 1947, ჭიათურის თეატრის შენობის ფასადი), ოთხი ფიგურა (გლეხი, მეშახტე, სპორტსმენი ქალი და ვაჟი), კინოთეატრ „რუსთაველის" მთავარ ფასადზე (ყველა ქვა, 1939, თბილისი), ვ. ლენინი (ბრინჯაო, 1956, თბილისი, თავისუფლების მოედანი, აიღეს 1989), შრომა, მეცნიერება, ტექნიკა – სკულპტურული კომპოზიცია (თუჯი, 1958, შ. მიქატაძესთან ერთად, თბილისი, პარლამენტის შენობის წინ, აიღეს 1989). ქალიშვილის პორტრეტი (1930), მოხუცი მემწვანილე (1943), მ. იაშვილის პორტრეტი (1956), მუზა (1968), კაცის ფიგურა (1970, ყველა ტონირებული თაბაშირი, მხატვრის სახელოსნო).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.