თოფურიძე ჯემალ ვახტანგის ძე

თოფურიძე ჯემალ ვახტანგის ძე (31. XII. 1948, თბილისი, – 22. IV. 1978, იქვე), მწერალი. დაამთავრა თსუ-ის საზღვარგარეთის ეკონ.გეოგრ. ფაკ-ტი (1970), 1970–74 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტში, 1974–78 – შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტში.

მოთხრობების წერა სტუდენტობისას დაიწყო. მისი ნაწარმოებები ძირითადად ქვეყნდებოდა „ცისკარსა" და „ლიტერატურულ საქართველოში": „ნუციკო ემხვარი", „ლექსო", „თედოს ოცნება", „დაბადება", „კაცი", „მარტო". თ. ე. წ. ურბანისტული პროზის წარმომადგენელია. მისი მოთხრობები მძაფრი ტკივილიანი განცდებითაა აღბეჭდილი, სავსეა მძიმე ცხოვრებისაგან შეჭირვებული ადამიანის თანაგრძნობით. მოთხრობისათვის „დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია" (1978) 1979 მიენიჭა საქართვ. მწერალთა კავშირის პრემია (სიკვდილის შემდეგ). მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „ნუ მოიწყენ შემოდგომისას" (1979, რეჟ. ზ. ინაშვილი), „გამოუსწორებელი" (1987, რეჟ. თ. მენაბდე), „„მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989, რეჟ. ზ. ურუშაძე). ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფის შედეგად.

თხზ.: დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია (მოთხრობები). შესავალი წერილი გ. გვერდწითელისა, თბ., 1978 (მე2 გამოც., 1994); გამოუსწორებელი, თბ., 2003; ჯიბის წიგნი (შემდგ. მ. დუმბაძე), თბ., 2007.