თოფჩიშვილი როლანდ ანდრიას ძე

რ. თოფჩიშვილი

თოფჩიშვილი როლანდ ანდრიას ძე (დ. 25. IV. 1949, სოფ. დიღომი), ეთნოლოგი, ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2003). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1972). 1993-იდან იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი და გვარების შემსწავლელი საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი. ამავე ინ-ტში 2006-იდან ხელმძღვანელობს კავკასიის ეთნოლოგიის განყ-ბას. პედ. საქმიანობას ეწეოდა თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უნ-ტში.

2006-იდან არის თსუ-ის პროფესორი, ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტის ეთნოლოგიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტს. ეთნოლოგიაში არის 8 სახელმძღვანელოსა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (აქედან 41 წიგნია). იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ეთნოლოგიის კარდინალურ პრობლემებს. მისი კვლევის სფეროა: საქართვ. და კავკასიის მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესები; საქართვ. მოსახლეობის ისტორიული დემოგრაფია; უცხო ეთნიკურ ერთეულთა საქართველოში დასახლებისა და ქართველებთან მათი ურთიერობის პრობლემები; ოსთა საქართველოში მიგრაცია და ქართულ-ოსური კულტ.-ისტორიული ურთიერთობის საკითხები; ქართული გვარსახელების ისტორიულ-ეთნოლოგიური ასპექტები; ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები; ქართველთა ეთნიკური ისტორია; ქართველთა ისტ.-ეთნოგრაფიული ჯგუფები; კავკასიის ეთნოლოგია; ეთნოსის თეორია; თეორ. ეთნოლოგია; თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფა და კულტურა. თ-ის სამეცნ. გამოკვლევები და დასკვნები საფუძვლად დაედო რელიგ.-კონფესიური მიზეზით გვარშეცვლილ და ეროვნებადაკარგულ ქართველთა გვარსახელებისა და ეროვნების აღდგენას. 1998 აირჩიეს გელათის მეცნ. აკად. წევრად.

თხზ.: საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997; ქართული გვარსახელების ისტორიიდან, თბ., 2003; ქართველთა ეთნოგენეზისა და ეთნიკური ისტორიის პრობლემები, თბ., 2008; საქართველოს თავად-აზნაურთა გვარების ისტორია, თბ., 2011; სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური ისტორიიდან, თბ., 2013; აფხაზურ-ადიღეური ეთნიკური ერთობების ეთნოგენეზის შესახებ, თბ., 2015; დვალეთი და დვალები: საქართველოს დაკარგული ისტორიულეთნოგრაფიული მხარე და ქართველთა გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფი, თბ., 2016; ისტორიულ-ეთნოგრაფიული სამხრეთი საქართველო და ქართველები თურქეთში, თბ., 2017; საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ., 2017.