თორელი კახა გამრეკელის ძე, XIII ს. 50–60-იანი წწ. მოღვაწე, ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი. ახალქალაქის ერისთავთერისთავი, მეჭურჭლეთუხუცესი. მისი საგვარეულო მამული იყო თორის მხარე და თეძმის ხეობა, მამული თავის საერისთავო ქვეყანაში – ჯავახეთშიც ჰქონდა.
XIII ს. 50-იან წლებში თ. სხვა ქართვ. მეომრებთან ერთად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობაში ბაღდადზე, რ-ის აღების შემდეგ (1258) დავით VII ულუმ ის დიპლ. მისიით ირანში ჰულაგუ-ყაენთან გაგზავნა. ამ ელჩობის დროს თ-მა ორტაღებისაგან (სავაჭრო-საკრედიტო ორგანიზაცია) სესხად აიღო ფული და ირანში იაფად შეიძინა „ბაღდადური ალაფი", შემდეგ მოგებით გაყიდა და იყიდა სოფ. ხოვლე, რ-იც შესწირა თავის მონასტერს რკონში. ამ ფაქტის შესახებ თ-ის „დაწერილი" წარმოადგენს ძვ. ქართ. საბუთების ბრწყინვალე ნიმუშს როგორც თავისი დიპლ. ფორმით, ისე შინაარსით. იგი ერთ-ერთი ძირითადი წყაროა საქართველოში მონღოლთა მფლობელობის ეპოქის შესასწავლად. 1260 თ-მა მხარი არ დაუჭირა დავით ულუს აჯანყებას მონღოლების წინააღმდეგ. მონაწილეობა მიიღო მონღოლთა ლაშქრობაში ეგვიპტის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ამის გამო დავით ულუს მისთვის ჩამოურთმევია მეჭურჭლეთუხუცესობა და სარგის ჯაყელისათვის გადაუცია. ალბათ თორელებისა და ჯაყელების მეტოქეობის შედეგი იყო ის, რომ თ-მა, ჟამთააღმწერლის გადმოცემით, გადამწყვეტი როლი ითამაშა მონღოლთა დამსჯელი რაზმის გამარჯვებაში აჯანყებული დავით ულუსა და სარგის ჯაყელის ლაშქარზე.
XIII ს. 60-იანი წწ. შემდეგ თ. წყაროებში აღარ იხსენიება.
წყარო: შეწირულების დაწერილი მეჭურჭლეთუხუცეს კახა თორელისა რკონის მონასტრისადმი, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965; ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ნ. შოშიაშვილი