თვალიაშვილი თამარ ნიკოლოზის ასული (4. IV. 1905, თბილისი, – 21. V. 1985, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1976). თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა თბილ. და მოსკ. თეატრ. სტუდიებში. დაამთავრა (1925) თბილ. კონსერვატორიასთან არსებული დრამ. ფაკ-ტი. 1926 მუშაობდა თბილ. „წითელი თეატრის", 1927 – ბათუმის თეატრის, ხოლო 1928–59 – თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის მსახიობად. თ. იყო ჩინებული ტრავესტი (პატარა გოგონებისა და ბიჭების როლების შემსრულებელი). გარდასახვის ნიჭი, უშუალობა და გულწრფელობა ხელს უწყობდა მსახიობს შეექმნა ერთმანეთისაგან განსხვავებული როლები, რ-თა შორის აღსანიშნავია: გოჩა (ვ. კობელის „გოჩა"), ფრიც ბაუერი (ნ. საცის „ფრიც ბაუერი"), მეღორის შვილიშვილი (ს. ზაიაიცკის „რობინ ჰუდი"), კარლო (ს. მთვარაძის და შ. ბუაჩიძის „აურიე რგოლი"), კურდღელი (ე. შვარცის „წითელქუდა"), აჩაკუნე (გ. ნახუცრიშვილის „პატარა მეომრები"), ქაჯანა (ნ. ლომოურის „ქაჯანა"), ზურაბი (დ. ჭონქაძის „სურამის ციხე"), ჯულიეტა (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა") და სხვ. დადგა სპექტაკლი – ნ. ფომიჩევის „ასე იწყება ცხოვრება". თ. უმეტესწილად ლირ.-დრამ. ამპლუის მსახიობი იყო. ბოლო წლებში ძირითადად ხანდაზმულ ქალთა როლებს ასრულებდა. იგი განსაკუთრებით ძლიერი იყო კლასიკურ რეპერტუარში.
შ. ცუცქირიძე