ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დაახლ. 1760 – X. 1780), იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ერთადერთი ძე.
დედამისი მარიამი იყო ოტია დადიანის ასული. სოლომონ I-მა აღსაზრდელად მიაბარა თავის ერთგულ თავადს გიორგი წულუკიძეს ა. ბ. გადაიბირეს მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადებმა. მონაწილეობდა 1778 თავადთა შეთქმულებაში, რ-ის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და ა. ბ-ის გამეფება. შეთქმულება მარცხით დამთავრდა. მეფემ შეთქმულები დასაჯა. ა. ბ. კი გაეყარა შეთქმულების მონაწილე გ. აბაშიძის ქალს და წულუკიძის ასული შეირთო. ადრე ა. ბ-ს უკანონოდ ჰყავდა მიტოვებული ერეკლე II-ის ძის გიორგი ბატონიშვილის ასული. უკანონო ქორწინების გამო ეკლესიამ შეაჩვენა ა. ბ. და აკრძალა მისი პატივით დაკრძალვა. ჰყავდა შვილი გიორგი (იხ. გიორგი ბატონიშვილი).
წყარო.: მასალები საქართველოს ისტორიისათვის, შეკრებილი ბატონიშვილის დავით გიორგის ძისა და მისი ძმებისა (1774 – 1840 წწ.), მ. ჯანაშვილის გამოც., ნწა. 1, ტფ., 1905; დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962;
ლიტ.: ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფო 1768–1784 წწ., «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1961, [ტ]. 3.
ო. სოსელია