ალექსანდრე III

ალექსანდრე III [26. II (10. III). 1845, სანქტ – პეტერბურგი, – 20. X (1. XI). 1894, ლივადია (ყირიმი), რუსეთის იმპერატორი (1881–94). ალექსანდრე II-ის შვილი.

გამოხატავდა თავადაზნაურობის კონსერვატიული წრეების ინტერესებს. საშინაო პოლიტიკაში მისი იდეალი იყო შეურყეველი თვითმპყრობელობა. XIXს-ის 80-იან წწ. დასაწყისში განახორციელა რეფორმები (სულადი გამოსაღების გაუქმება, გამოსასყიდი გადასახადის შემცირება). XIX ს-ის 80-იან წწ. მეორე ნახევარში გაატარა ე. წ. კონტრრეფორმები (საერობო უფროსთა ინ-ტის შემოღება, საერობო და საქალაქო წესდებათა გადასინჯვა და სხვ.). ა. III-ის რეაქციული მთავრობა სრულიად აღარ ცნობდა საქართველოს და კავკასიის რაიმე თავისებურებას. იგი აშკარად დაადგა ქართველი ხალხის სრული ძალდატანებითი რუსიფიკაციისა (XIX ს-ის 90-იან წლებში ქართულ ენაზე სწავლებასთან ერთად ქართულად ლაპარაკიც იკრძალებოდა, დევნას განიცდიდა ქართ. პრესა, ქართ. წიგნი, ქართ. თეატრი. 1882 ოფიციალურად აკრძალეს „საქართველოს“ საჯაროდ ხსენება) და ქართ. კულტურის საბოლოო მოსპობის გზას.