არმაზი

არმაზი, ძვ. იბერიული პანთეონის მთავარი ღვთაება. თანახმად „ქართლის ცხოვრებისა“, ა-ის კულტი შემოუტანია იბერიის სახელმწიფოს დამაარსებელს მეფე ფარნავაზს, რ-საც აღუმართავს ამ ღვთაების კერპი მთა-ქართლის თავზე, ქართველთა მითოსური წინაპრის ქართლოსის საფლავის მახლობლად. ქვეყნის საკრალურ ცენტრში, იქ უკვე მდგარ კერპებს, გაცსა და გაიმს შორის. სახელი ღვთაებისათვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და დიდი პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპებისათვის. ა-ის კერპის გავლენით მცხეთის მიდამოებში მისი სახელი შეერქვა რამდენიმე პუნქტს – მთას, სოფელს, ციხეს, ხეობას, მდინარეს; არმაზ-ციხე მოიხსენიება უცხ. წყაროებში (სტრაბონი, პლინიუსი, კლავდიოს პტოლემე), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართ. ისტ. წყაროს ცნობის უტყუარობას. ა-ის კერპი სპილენძისა ყოფილა ოქროს ჯაჭვში ჩასმული, თავზე სდგმია „ჩაბალახი მყარი“, თვალების ადგილას ჩასმული ჰქონია ზურმუხტი და ბივრილი, ხოლო ხელში ბრწყინვალე ხმალი სჭერია. ღვთაების ქანდაკება კარგად ჩანდა ქალაქიდან და მცხეთელები ყოველ დილით, საკუთარი სახლების ბანებიდან თაყვანს სცემდნენ მას, ხოლო თუ ვინმეს მსხვერპლის შეწირვა სურდა, მტკვარსგაღმა გადიოდა და იქ ასრულებდა წესს. აღსანიშნავია, რომ ა-ს ეწირებოდა პირველშობილი ყრმები, ეს წესი გადაუგდია მეცხრამეტე მეფეს რევს, რ-იც ისტორიაში ამ სიკეთის გამო „მართალის“ სახელით არის ცნობილი. ა-ის ძალა თავზარს სცემდა მორწმუნეებს. თუ ვინმე შეეხებოდა კერპს, იგი იმწამსვე დაიღუპებოდა. ა-ის რისხვა განსაკუთრებით იმათ ატყდებოდა თავს, ვინც რაიმე პატივს დააკლებდა ღვთაებას, ან სპარსელთა მოგვებთან და ებრაელებთან დაიწყებდა სარწმუნოებრივ ურთიერთობას. ამ ცნობებიდან ჩანს, რომ ძველ მცხეთაში ცდილობდნენ თავი დაეცვათ სპარსთა და იუდეველთა რელიგიების მოძალეებისაგან, რ-თაგან ა-ის რელიგია განსხვავდებოდა როგორც მრწამსით, ისე კულტმსახურების წესებით. ამასთანავე, სახელმწ. რელიგია, ისევე როგორც ენა, ქვეყნის პოლიტ. დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი იყო და მისი შენარჩუნებისათვის ბრძოლა კულტ. და პოლიტ. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საერთო პროცესში შედიოდა. ა-ის პანთეონში შემავალ ღვთაებებს სხვადასხვა ფუნქცია ეკისრებოდა. ყველას თავისი ფუნქციის შესაბამისი სამსახური ერგებოდა. ა. ზადენთან ერთად ითვლებოდა დიდ ღმერთად, რ-იც ამყარებდა წესრიგს ქვეყანაზე, ნაყოფიერების მფარველიც იყო. შემონახულია ა-ის დღესასწაულის აღწერილობა, რ-იც აგვ. პირველი დეკადის რომელიმე რიცხვზე მოდიოდა. ამ დღეს დილიდანვე იწყებდა „ოხვრას“ საყვირი, რ-იც დღესასწაულზე მოუწოდებდა მორწმუნეებს. ქალაქი საგანგებოდ ირთვებოდა, ყოველ ქუჩას განსხვავებული ფერის ქსოვილებით, მწვანე მცენარეებით და ყვავილებით რთავდნენ. ქალაქის მიდამოებში „ვითარცა ყვავილნი ველისანი“ მიმოდიოდა ურიცხვი ხალხი. შემდგომ გამოდიოდა დედოფალი, რ-საც ნელა მოჰყვებოდა ერი და ქებას ასხამდა მეფეს. ბოლოს გამოჩნდებოდა თვით მეფეც „საზარელითა და თვალშეუდგამი ხილვითა“, ე. ი. ისე ბრწყინვალე მორჭმული, რომ მისთვის თვალის გასწორება შეუძლებელი იყო. მეფის ღვთაებრივი წარმომავლობის რწმენა მსოფლიოს მრავალ ხალხში იყო გავრცელებული. ამიტომ ზოგჯერ მეფე, საკრალური არსი, ღვთის ძე, პირს იბურავდა, რომ თავისი ზეციური ელვარებით არ დაებრმავებინა ქვეშევრდომნი. ასეთი დღესასწაული ღვთაებისა და მეფის, მამა-შვილის, უდიდეს ძლიერებას გამოხატავდა და მათი ძალების განახლებისათვის იყო გამიზნული. ა-ის კულტში ბევრი ადგილ. ნიშანი ჩანს. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება კერპთა აღმართვის ადგილს. ა-ის, ზადენის, გაცისა და გაიმის სადგომია მთის წვერი. ასეთი ადგილები, ქართ. მითოსური წარმოდგენების მიხედვით, ტრადიციულად ითვლებოდა ჯვარ-ხატების სადგომებად და ხშირად იქ სამლოცველოებს აწყობდნენ. ასევე ქართველთა შორის გავრცელებული შეხედულება უნდა ასახულიყო იმ გადმოცემაში, რომ ა-ის კერპს ზურმუხტისა და ბივრილის თვალები ჰქონდა: ქართველთა რწმენით ღმერთს ხომ ცეცხლოვანი თვალები უნდა ჰქონოდა. ა-ის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ფიქრობდნენ, რომ იგი სპარს. აჰურამაზდას ნაირსახეობა უნდა ყოფილიყო და ენათესავებოდა სომეხთა არმაზდს, სპარს. აჰურამაზდას ადგილ. ვარიანტს –წინაქრისტიანული პანთეონის მეთაურ ღვთაებას. სხვათა მოსაზრებით, ა. მცირეაზიურ-ხეთური სამყაროდან უნდა მომდინარეობდეს და აქ შემოიტანეს ძველაღმოსავლურ-მცირეაზიური კულტ. მატარებელმა მესხებმა. ბოლო მონაცემების მიხედვით უფრო სარწმუნოა ა-ის არაირან. წარმომავლობა. ა-ის კერპის აღწერილობა, კულტმსახურების წესები სრულიად განსხვავდება აქემენიდური სპარს. რელიგიისაგან. მათ შორის არსებობს მთელი რელიგ. სტრუქტურით გამოხატული პრინციპული მსოფლგაგებითი განსხვავება. საერთო ძირიდან ორი ასეთი განსხვავებული სარწმუნოება ვერ განვითარდებოდა. ამასვე აღნიშნავს მრავალგზის „ქართლის ცხოვრებაც“. ა-ის რელიგია რეფორმის შედეგი უნდა იყოს, რაც სახელმწიფოს შემქმნელს, მეფე ფარნავაზს ჩაუტარებია. მან ახ. რელიგია შემოიღო სახელმწ. რელიგიის სახით და დაუპირისპირა ადგილ., ტომობრივ რწმენა-წარმოდგენებს, რ-ებიც ძლიერ უშლიდა ხელს მტკიცე სახელმწ. ორგანიზაციის წარმოქმნას, მაგრამ ა. არაქართ. სამყაროს წარმონაქმნია, ამაზე მეტყველებს მისი კულტის გაქრობა ხალხ. ყოფიდან, მისი ყველა ნიშანი მცირეაზიურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირს ავლენს, ამასთანავე იგი მთლად განსხვავებული არ უნდა ყოფილიყო ხალხ. წარმოდგენებისაგან, რადგან ქართველთა ხალხ. რწმენა-წარმოდგენები დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს მცირეაზიურ, ეგეოსურ და ძვ. სამყაროს სხვა, წინასპარსულ რელიგიებთან. ა-ის კულტი რელიგიების ერთ-ერთ ვარიანტად უნდა ჩაითვალოს, რადგან დაფუძნებულია ამ დიდი ისტ. რეგიონის უძველესი მიწათმოქმედი ხალხების აგრ. წარმოდგენებზე. ა-ის კულტმა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწ. რელიგიად გამოცხადებამდე იარსება.

ლიტ.: გიორგაძე გ., ათასი ღვთაების ქვეყანა, თბ., 1988; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1; Болтунова А. И., К вопросу об Армази, «Вестник древней истории», 1949, № 2; Марр Н. Я., Боги языческой Грузии по древнегрузинским источникам, СПб., 1901.


ი. სურგულაძე