არმაზი მცხეთისა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს მცხეთიდან 1,5 კმ-ზე, არმაზისხევში. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის დიდი დარბაზული ეკლესია, რ-მაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. დას-იდან მას ისრისებურთაღიანი კარიბჭე აკრავს. ჩრდ-იდან – ეგვიპტური, რ-ის კარის თავზე შემონახული ასომთავრული წარწერის თანახმად (დაცულია საქართვ. სახელმწ. მუზეუმში), ეკლესია აშენებულია 1150–78 შორის; დას. მხარეს რიყისა და ნატეხი ქვით ნაშენი მომცრო საძვალეა. ეკლესია ნაგებია დიდი ზომის აგურებით, რ-თა წყობაში უსისტემოდაა ჩართული ნატეხი ქვის მოზრდილი ფილები. იმ პერიოდის სხვა დარბაზულ ეკლესიათაგან განსხვავებით, ნახევარწრიული შვერილი აფსიდი აქვს.
გადამხურავი კამარა დაყრდნობილია წყვილ პილასტრაზე ამოყვანილ საბჯენ თაღზე. ეკლესია და დას-ით მდებარე მისი კარიბჭე შელესილი და მოხატული ყოფილა. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით, მოხატულობა ეკლესიის თანადროულია, ე. ი. XII ს. განეკუთვნება. ეკლესიის დას-ით აღმართული სამრეკლო XVI – XVII სს-შია აშენებული. აქვეა შუა საუკ. გალავნისა და სენაკების ნანგრევები.
მონასტრის ზემოთ 1/2 კმ-ზე, შვეული კლდის ქიმზე, ძვ. ციხის ნანგრევებია. ვახუშტი ბატონიშვილი მის აშენებას ლეგენდარულ ქართლოსს მიაწერს. გალავნისა და კოშკის შემორჩენილი ნაწილები XIII – XIV სს-ებს განეკუთვნება, ციხე, როგორც ჩანს, უფრო ადრინდ. ხანის ნაგებობის ადგილზე დგას.
ლიტ.: Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Т., Окрестности Тбилиси. Архитектурный путеводитель, Тб., 1960.