ბაგრატ I ერისთავი

ბაგრატ I ერისთავი (გ. 1372), იმერეთის ტახტის პრეტენდენტი, დავით VI ნარინის შვილიშვილი. მამის, მიქელ დავითის ძის, გარდაცვალებისას მცირეწლოვანი იყო და ფაქტობრივდ მხოლოდ სამეფო დომენს ფლობდა. 1330 გიორგი V ბრწყინვალე იმერელ ფეოდალთა ნაწილთან შეთანხმებით დას. საქართველოში გადავიდა და ქუთაისის ციხეში თავისი მომხრეებით გამაგრებულ ბ. I-ს ალყა შემოარტყა. ბ. I იძულებული გახდა მეფეს მორიგებოდა და იმერეთი დაეთმო. სამაგიეროდ გიორგი V-მ მას შორაპნის საერისთავო უბოძა. 1358 ბ. I-მა საქართვ. მეფის დავით IX-ის ნებართვით ცოლად შეირთო ყვარყვარე ათაბაგის ასული, რ-თანაც სამი ვაჟი ‒ ალექსანდრე, გიორგი და კონსტანტინე შეეძინა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ქ. ჩხატარაიშვილი