დუგლაძე ვახტანგ ვალერიანის ძე (დ. 23. VII. 1916, სოფ. კლდეეთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), ფერმწერი. საქართვ. სახ. მხატვარი (1985).
1943 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია. იყო ა. ციმაკურიძის, უ. ჯაფარიძის, ს. ქობულაძისა და ა. ქუთათელაძის მოწაფე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს ამავე წლიდან.
1946–48 მუშაობდა მოსკოვში ა. ქუთათელაძის სახელოსნოში. 1954–59 იყო საკავშ. სას.-სამ. გამოფენის, 1959–64 – თავდაპირველად სახ. მეურნეობის მიღწევათა საკავშ. გამოფენის საქართვ. პავილიონის, შემდეგ – რესპუბლიკების პავილიონების მთ. მხატვარი, 1964–79 – საკავშ. საზ-ბა „ზნანიეს" საცდელი ექსპერ. ფ-კის მთ. მხატვარი და დირექტორის მოადგილე. ამ პერიოდში მისი ნახატების მთ. თემატიკა იყო „მეცნიერული ციმბირი" და „კოსმოსის ათვისება საბჭოთა კავშირში". დ. აპროექტებდა ამ გამოფენებს, აწყობდა ექსპოზიციებს (ნახატები-ექსპონირებული იყო ავსტრიაში, დანიაში, ინდოეთში, იტალიაში, აშშ-ში, გფრ-ში, შვეციაში, იაპონიასა და სხვ.).
დ. ძირითადად მოღვაწეობს პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრში. ნამუშევრები: „ახალგაზრდა პარტიზანის დაკითხვა" (1943), „გენერალი ლესელიძე ფრონტზე" (1945); სერიები: „შვეცია" (1972), „ამერიკის შეერთებული შტატები" (1976–77), „იტალია" (1979) და სხვ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დ-ის ნამუშევართა ვრცელი სერია „საქართველო" (1977–86).