დოღონაძე რომან ისიდორეს ძე [22. XII. 1905 (4. I. 1906), სოფ. ნახშირღელე, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 20. XII. 1970, თბილისი], აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966).
1927 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტი. 1946–70 სამეცნ. მუშაობას ეწეოდა საკავშ. და რესპუბლიკურ სამეცნ.-კვლევით ინ-ტებში. 1952–56 მივლინებული იყო ალბანეთში სოფ. მეურნ. სამინისტროს უფროს მრჩევლად.
დ-მ საქართვ. პირობებში დაამუშავა ჩაისა და ზოგიერთი სხვა სუბტროპ. კულტურის (ევკალიპტი, დაფნა, ტუნგი) აგროტექნიკის საკითხები, აქტიური მონაწილეობა მიიღო კოლხეთის დაბლობის ათვისების საქმეში. თანაავტორია სახელმძღვანელოსი„სუბტროპიკული ტექნიკური კულტურები".
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: კეთილშობილი დაფნა, თბ., 1963; Культура эвкалипта в СССР, М., 1952.
გ. თოდუა