ბაგრატიონი პეტრე რომანის (რევაზის) ძე

ბაგრატიონი პეტრე რომანის (რევაზის) ძე [12 (24). IX. 1818, ყიზლარი, – 17 (29). I. 1876, პეტერბურგი], მეცნიერი და ინჟინერი. გამოჩენილი მხედართმთავრის პ. ბაგრატიონის ძმისწული.

1827 მიაბარეს თბილ. კეთილშობილთა სასწავლებელში. 1835 გაამწესეს პეტერბ. ლაიბ-გვარდიაში იუნკრად. 1845 დაინიშნა ჰერცოგ მაქსიმილიან ლოიხტენბერგის ადიუტანტად და 7 წელი ახლდა მას ევროპაში. ლოიხტენბერგის სიკვდილის შემდეგ (1852) ბ. პეტერბურგში დაბრუნდა. 1857 ჩაირიცხა კავკ. ესკადრონის ლაიბ-გვარდიაში და მიენიჭა გენ.-მ. წოდება (1858). 1862 დაინიშნა ტვერის გუბერნატორად. 1865 მიენიჭა გენ.-ლ-ის წოდება, ხოლო 1870 დანიშნეს ბალტიისპირა ქვეყნების – ლიფლანდიის, კურლანდიისა და ესტლანდიის – გენ.-გუბერნატორად.

1842-იდან ბ-მა დაიწყო სამეცნ.-კვლ. მუშაობა ფიზ. და ქიმ. დარგში. ექსპერ. გამოკვლევებს იგი პეტერბ. მეცნ. აკად. ფიზ. კაბინეტში ატარებდა. გამოიგონა პირველი მშრალი გალვანური ელემენტი, რ-საც მიუძღვნა თავისი პირველი სამეცნ. შრომა (1843, პეტერბ. მეცნ. აკად. ბიულეტენი; განმეორებით გამოვიდა ლონდონსა და პარიზში 1845). ამ ნაშრომში იხილავდა გალვანოპლასტიკასა და გალვანურ ელემენტში მიმდინარე პროცესებს.

ბ-მა პირველმა აღმოაჩინა ლითონური ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ხსნადობა ტუტე ლითონთა ციანიდების წყალხსნარებში, რაც საფუძვლად დაედო დაციანების მეთოდს. 1847 აღმოაჩინა მინერალ ორტიტის სახეობა, რ-საც „ბაგრატიონიტი“ უწოდეს.

ლიტ.: პ ა რ კ ა ძ ე  ვ., პეტრე რომანის ძე ბაგრატიონი, თბ., 1956.

ვ. პარკაძე